• 19-11-2023
    "ხვიჩამ მითხრა ყველას ვნახებ ამ ერთ წელიწადში რას გავაკეთებო" - მამუკა ჯუღელის ინტერვიუ
    "ხვიჩამ მითხრა ყველას ვნახებ ამ ერთ წელიწადში რას გავაკეთებო" - მამუკა ჯუღელის ინტერვიუ

    "ნაპოლის" ქართველი სუპერვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა ერთ-ერთ ქართულ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან კვარაზე და მის განვლილ კარიერაზე ისაუბრა:

    "ყველა შესარჩევ ციკლზე მე მაქვს მოლოდინი, რომ ოდესმე გავალთ და გვეღირსება ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. მოქმედი თუ ვეტერანი ფეხბურთელები ყველა იმის ფიქრში ვართ თუ როდის გავალთ დიდ ასპარეზზე. ძალიან კარგი თაობა მოდის. ახალგაზრდულმა ევროპაზე კარგად ითამაშა. საქართველოში ბევრი ტალანტია და ვფიქრობ, დიდი წარმატების დრო მოვა. ეს დრო კი ახლოსაა, მთავარია ფსიქოლოგიურად არ გავტყდეთ"

    "ესპანეთთან 7-1 წავაგეთ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. მიმაჩნია, რომ ახლა ძალიან კარგი ნაკრები გვყავს. სასიამოვნოა, რომ კვარაცხელია უკვე სასურველ ფორმას მიუახლოვდა"

    "ხვიჩას ბავშვობიდან ვიცნობ. მას შეუძლია თამაში მარცხნივაც, მარჯვნივაც და შუაშიც. ყველა პოზიციას მოერგება. სასიამოვნოა, როცა კვარაცხელია და ჩაკვეტაძე მინდორზე ერთად არიან, ასეთი დუეტი ნებისმიერი ქვეყნის ნაკრებს დაამშვენებდა"

    "რაც შეეხება ხვიჩას სადებიუტო სეზონს ნაპოლიში, ველოდი, რომ ის ძირითადის მოთამაშე გახდებოდა და ერთ-ერთი ლიდერიც იქნებოდა, ამაში ეჭვიც არ შემპარვია. არც მე და არც მის მამას, მაგრამ რაც ამ ბავშვმა გააკეთა, მგონი მარტო თავად თუ მოელოდა. სასწაული გააკეთა! რომ გითხრათ, რომ პირველივე სეზონში ველოდი ნაპოლის ჩემპიონობას, სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობას, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელებას..."

    "ერთხელ, როცა ნეაპოლში ერთად ვიყავით, თვითონ ხვიჩამ მითხრა, აი განახებ, ამ ერთ წეილწადში რას გავაკეთებო. ეს პირადად ჩემთან აქვს ნათქვამი."

    "როცა ხვიჩა კვარაცხელიაზე ვლაპარაკობთ, გარდა იმისა, რომ ის ფეხბურთის ტალანტია, პიროვნულად, როგორც ადამიანი არის შესანიშნავი. ყველაფერი ერთად აქვს ერთმანეთში შერწყმული. რა დონის ტალანტიც არის, იმ დონის ადამიანი და პროფესიონალია. ასეთი რამ ძალიან იშვიათად მინახავს და შესაბამისი შედეგებიც სახეზეა"

    "როცა ხვიჩა რუბინში თამაშობდა, კარლო ანჩელოტი ევერტონის მწვრთნელი იყო და მაშინ საუბარი იყო, რომ ინტერესი არსებობდა და ის კვარას აკვირდებოდა"

    "რაც შეეხება ნაპოლის პრეზიდენტ, აურელიო დე ლაურენტისს, ის ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენთვის მას ყველაფერი კარგი აქვს გაკეთებული. თუ რაიმეს შეპირებულია, ყველაფერს აკეთებს. ეს კაცი არავის არაფერს არ დაუკარგავს და არის საუბარი იმაზე, რომ უახლოეს მომავალში, ხვიჩა რასაც იმსახურებს, იმას მიიღებს. თვითონ კვარაცხელიას არანაირი პრეტენზია არააქვს და ნაპოლის რიგებში თავს კარგად გრძნობს"

    "კვარაცხელია ძალიან მაღალ დონეს აჩვენებს, გასაგებია, რომ უფრო მეტი ეკუთვნის, ამაზე ნორმალური არ უნდა იყოს ადამიანი, რომ თქვას ხვიჩას უფრო მეტი არ ეკუთვნისო, მაგრამ იმ მეტსაც მიიღებს უახლოეს მომავალში. (იგულისხმება კონტრაქტის პირობების გაუმჯობესება)"

    "ნეაპოლში კვარა ყველას უყვარს. გიჟდებიან ამ ბიჭზე. იყო მომენტი, მე და ბადრი, ხვიჩას მამა იტალიაში საქმეზე მივდიოდით. ქუჩაში უცებ იტალიელმა წინ გადაგვიყენა მანქანა და ქართული დროშები ამოიღო და დაიწყო ყვირილი - ხვიჩა, ხვიჩა! ამით იმის თქმა მინდა, რომ ხელის გულზე ატარებენ"

    "ვიღაცები, რაღაცას წერენ, მაგრამ არ იციან და ისე წერენ. ოჯახი კმაყოფილია, თვითონ ხვიჩა არსებული სიტუაციით კმაყოფილია, მაგრამ მე იმაში სწორად მინდა გამიგოს ხალხმა, რომ ის ძალიან დიდი ფეხბურთელია და ათმაგად მეტი ეკუთვნის, ეს გასაგებია. დე ლაურენტისი კი აპირებს, რომ უახლოეს მომავალში ხვიჩას კონტრაქტი გააუმჯობესოს",- განაცხადა მამუკამ.

    Facebook კომენტარები