• 07-12-2022
    პორტუგალია 6:1 შვეიცარია - შოუ რონალდუს გარეშე დაიდგა
    პორტუგალია 6:1 შვეიცარია - შოუ რონალდუს გარეშე დაიდგა
    Aa

    მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალური წყვილები სრულად დაკომპლექტდა. კატარის მუნდიალის უკანასკნელ მერვედფინალში პორტუგალიის ნაკრებმა შვეიცარიის ეროვნულ გუნდს ანგარიშით 6:1 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მაროკოს შეხვდება.


    ევროპული დაპირისპირება მსოფლიო ყურადღების ცენტრში მატჩამდე ორიოდ საათით ადრე მოიქცა, როდესაც შევიტყვეთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ თამაშს სათადარიგოთა სკამიდან იწყებდა. როგორც ჩანს, "ნავიგატორთა" თავკაც ფერნანდუ სანტუშსა და 37 წლის მეგავარსკვლავს შორის გარბენილ შავ კატაზე ხმები სიმართლე აღმოჩნდა და კრიშტიანუ სასტარტო შემადგენლობიდან ამოვარდა. თანაც, რონალდუს შემცვლელმა ისე ითამაშა, რომ ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელის ძირითად თერთმეტეულში დაბრუნება ასე მარტივად არ უნდა გამოუვიდეს.


    რონალდუ სასტარტოში ლისაბონის "ბენფიკას" 21 წლის თავდამსხმელმა გონსალო რამუშმა ჩაანაცვლა. ახალგაზრდა ფორვარდმა მიღებული შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა - შეასრულა რა პირველი ჰეთ-თრიქი მიმდინარე მუნდიალზე. გონსალომ გოლები მე-17, 51-ე და 67-ე წუთებზე შეაგდო. განსაკუთრებით ლამაზი მისი პირველი გოლი გამოვიდა: ჟოაუ ფელიქსისგან მიღებული გადაცემის შემდეგ რამუშმა ბურთი გაისწორა და მახვილი კუთხიდან იან ზომერს ახლო ცხრიანში გაუტანა.


    მნიშვნელოვანი გახლდათ კეპლერ პეპეს მიერ 33-ე წუთზე გატანილი გოლიც, რადგან 39 წლის მცველი გახდა ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ამ ტურნირის პლეი ოფში მოახერხა მეტოქის კარის აღება.


    შვეიცარიელთა რბევა კომპენსირებული დროის მე-2 წუთზე რაფაელ ლეაუმ დაასრულა. "მილანის" გარემარბი საჯარიმოში მარცხენა ფრთიდან შეიჭრა და ულამაზესად დაარტყა. 


    აქვე ვახსენოთ შვეიცარიელთა პრესტიჟის გოლიც - ის "მანჩესტერ სიტის" უკანახაზელმა მანუელ აკანჯიმ 57-ე წუთზე გაიტანა.


    სხვათა შორის, თამაშის შანსი კრიშტიანუ რონალდუს მაინც მიეცა. ამჟამად უკლუბოდ მყოფმა მეგავარსკვლავმა გოლიც შეაგდო, თუმცა შედეგიანი დარტყმა პორტუგალიელის თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნის გამო გაუქმდა.


    ასე და ამგვარად, პორტუგალია მეოთხედფინალშია. ფერნანდუ სანტუშის ბიჭები ნახევარფინალში გასვლას 10 დეკემბერს, თბილისის დროით 19 საათიდან შეეცდებიან.


    ლუსაილი. "აიკონიკი". 83 720 მაყურებელი


    პორტუგალია 6:1 შვეიცარია 


    გოლები: 1:0 რამუში (17), 2:0 პეპე (33), 3:0 რამუში (51), 4:0 გერეირუ (56), 4:1 აკანჯი (58), 5:1 რამუში, 6:1 ლეაო (90+2)

    Facebook კომენტარები