• 15-08-2023
    ტრანსფერთან ახლოს: ვაისმა გუნდში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი მოითხოვა
    ტრანსფერთან ახლოს: ვაისმა გუნდში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი მოითხოვა
    Author of the article
    Aa

    ბრატისლავის "სლოვანში" ახლა ორი ქართველი ირიცხება, ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას სახით, თუმცა მათი რიცხვი შეიძლება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ გაიზარდოს.

    საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ვლადიმერ ვაისის გუნდს ესპანური "ალავესისა" და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრფორვარდი, გიორგი გაგუა დაუკავშირეს.

    სლოვაკურ მედიაში გავრცელებული ხმების მიხედვით, "სლოვანს" ცენტრფორვარდი ძალიან სჭირდება და გაგუა ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია. იმ ფონზე, რომ ბრატისლაველებს ქართული ბაზარი კარგად აქვთ ათვისებული, მათ გიორგის ტრანსფერის გაჩარხვის იმედი ნამდვილად უნდა ჰქონდეთ.

    გაგუას "ალავესთან" კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე იგი 300 ათას ევროდ ფასდება.

    გასული სეზონი გიორგიმ "რეალ ოვიედოში" გაატარა, სადაც 28 მატჩში 2 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა თვალი. ახალი სეზონისთვის იგი "ალავესში" დაბრუნდა და ლა ლიგის პირველი ტურის სამატჩო განაცხადშიც მოხვდა, მაგრამ მოედანზე არ გასულა.

    აქვე გეტყვით, რომ "სლოვანმა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა დაასრულა. ვაისის გუნდი გათამაშებას "ჰაიფა მაკაბიმ" გამოთიშა, თუმცა სლოვაკელები ევროპა ლიგის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფში ითამაშებენ.

    Facebook კომენტარები