• 06-10-2023
    "ჩემს სპორტულ კარიერაში დიდი იმედგაცრუება იყო" - დავითაშვილის პრესკონფერენცია
    "ჩემს სპორტულ კარიერაში დიდი იმედგაცრუება იყო" - დავითაშვილის პრესკონფერენცია

    "ბორდოს" ქართველმა ლეგიონერმა, ზურიკო დავითაშვილა მწვრთნელთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც არაერთ თემაზე ისაუბრა:

    "ჩემს თავზე ყველა კუთხით უფრო მეტს ვმუშაობ. ვცდილობ, გოლები გავიტანო, საგოლე გადაცემები შევასრულო და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო. სტადიონზეც და მის გარეთაც ბევრს ვმუშაობ." 

    "ვცდილობ, მწვრთნელის დავალებები შევასრულო. თუ მარჯვენა მხარეს ვთამაშობ, უფრო მეტად ზურგს უკან ბურთის მოთხოვნა მევალება, რომ სივრცეებში გავიხსნა. თუ მარცხნიდან ვარ, მაშინ ჩემი მოვალეობა შუაში შესვლა და ბურთის განაწილებაა."

    "ახალ სეზონში გუნდი შეიცვალა, შესაბამისად, გვჭირდებოდა თამაშები, რომ ერთმანეთის უკეთ გაგვეგო. ახლა ვფიქრობ, რომ ეს ეტაპი დასრულდა, ერთმანეთს კარგად ვუგებთ და შედეგიც აუცილებლად მოვა." 

    "როცა მოვედი, მაშინაც მსურდა ისეთ ფორმაში ყოფნა, როგორშიც ახლა ვარ. ვფიქრობ, უფრო გავიგე ფრანგული ფეხბურთი და რა მოთხოვნები აქვთ აქ. ეს ჯერ კიდევ არაფერია, ვანახებ, რომ ბევრად მეტი შემიძლია." 

    "ლიგა 1-ში ვერ გადასვლა? ჩემს სპორტულ კარიერაში ეს დიდი იმედგაცრუება იყო, რადგან ყველანაირად ვფიქრობდი, რომ ლიგა 1-ში გადავიდოდით, მაგ დღეების გახსენება არ მინდა, რადგან ჩემთვისაც და რა თქმა უნდა, ბიჭებისთვისაც ძალიან რთული პერიოდი იყო. იმედია, ასეთი პერიოდები ფეხბურთში აღარ მექნება."

    "მწვრთნელის გათავისუფლება? ეს ფეხბურთელების გადასაწყვეტი არაა, ყოველთვის არის ისეთი პერიოდი, როცა რაღაც არ გამოგდის, მაგრამ წინა სეზონში ვნახეთ, რა დონეზეც ვიყავით. ჩემი აზრით, მოგებებს დავიწყებთ და ყველაფერი კარგად იქნება. მარცხიც და მოგებაც ყველასი ერთად, როგორც ფეხბურთელების, ისე მწვრთნელების ბრალი და დამსახურებაა."

    Facebook კომენტარები