• 08-03-2024
    პულიშიჩი: "დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ლეაუს დარტყმა გადიოდა"
    პულიშიჩი: "დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ლეაუს დარტყმა გადიოდა"
    Author of the article
    Aa

    იტალიურმა "მილანმა" ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში "სლავია პრაღას" უხვგოლიან შეხვედრაში, ანგარიშით 4:2 მოუგო.

    ჩეხები 26-ე წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ, რადგან მსაჯმა მინდვრიდან ელ ჰაჯი მალიკ დიუფი გააძევა. ცხადია, "როსონერის" გალაღებაში თავისი წვლილი ამანაც შეიტანა, თუმცა დავიდ დუდერასა და ივან შრანცის გოლებით "სლავიამ" ორმატჩიან დუელში გარკვეული ინტრიგა მაინც დატოვა.

    "მილანის" მხრიდან გოლები ოლივიე ჟირუმ, ტიიანი რეინდერსმა, რუბენ ლოფტუს ჩიკმა და კრისტიან პულიშიჩმა გაიტანეს. განსაკუთრებული მითქმა-მოთქმა ამ უკანასკნელმა გამოიწვია, რადგან ამერიკელმა შემტევმა რაფაელ ლეაუს დარტყმულ ბურთს შეუცვალა მიმართულება; არადა თითქოს ისე ჩანდა, რომ პორტუგალიელი გოლს კრისტიანის დაუხმარებლადაც გაიტანდა.

    ამის შესახებ "კაპიტან ამერიკას" მატჩის დასრულების შემდეგ ჰკითხეს.

    "არ ვიყავი დარწმუნებული, რომ რაფას დარტყმული კარში შევიდოდა, ამიტომ თავი ვალდებულებად ჩავთვალე ბურთს შევხებოდი.

    გოლები და ასისტები კარგია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ ამ ტურნირის ფინალში გავიდეთ და იქ მოვიგოთ.

    რა თქმა უნდა, ორბურთიანი უპირატესობით ბედნიერები ვართ, მაგრამ ისეთი შეგრძნებაც მაქვს, რომ მეტოქის კაცნაკლულობის გათვალისწინებით, მეტის მიღწევაც შეგვეძლო. მიუხედავად ამისა, წარსულს ვეღარ შევცვლით. ახლა პრაღისთვის უნდა მოვემზადოთ," - თქვა კრისტიანმა.

    ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 14 მარტს შედგება. იგი თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები