• 18-03-2024
    3 რამ, რაც ქართველმა ქომაგმა ლუქსემბურგთან მატჩისთვის უნდა გააკეთოს
    3 რამ, რაც ქართველმა ქომაგმა ლუქსემბურგთან მატჩისთვის უნდა გააკეთოს
    Author of the article
    Aa

    ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩამდე ორი დღე რჩება - 21 მარტს საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე სულ 1 ნაბიჯიღა ექნება გადასადგმელი.

    ფლეი ოფის ნახევარფინალური დაპირისპირების მოგებაში უდიდესი წვლილის შეტანა ქართველ გულშემატკივარსაც შეეძლება. "დინამო არენაზე" ანშლაგი რომ იქნება, ამის შესახებ იმ დღესვე გავიგეთ, როცა ბილეთების გაყიდვა დაიწყო და დასრულდა. ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შევქმნათ საუკეთესო საფეხბურთო განწყობა. ამაში ამ 3 რჩევის გათვალისწინება დაგეხმარებათ:

    1. ჩაიცვით თეთრ და წითელ ფერებში

    18 საათზე დავით აღმაშენებლის 127 ნომრიდან "ქომაგები" გრანდიოზულ მსვლელობას დაიწყებენ, რომელშიც მონაწილეობაც ყველა გულშემატკივარს შეუძლია, ამ სანახაობის კიდევ უფრო გასალამაზებლად კი თითოეული მონაწილე ნაკრების ოფიციალურ ფერებში - თეთრსა და წითელში უნდა იყოს გამოწყობილი. ცხადია, ეს არა მხოლოდ მსვლელობას, არამედ ტრიბუნებსაც დაამშვენებს.

    2. მიდით სტადიონზე ადრე

    სტადიონზე დაგვიანებით მისვლა ქართველი გულშემატკივრის ძველი სენია. გარდა იმისა, რომ უმნიშვნელოვანესია, მინდორზე გამოსულ ფეხბურთელებს პირველივე წამებიდან სავსე ტრიბუნები შეეგებოთ, ადრე მისასვლელად დამატებითი მოტივაციაც გაჩნდა - 20 საათსა და 45 წუთზე ილია თოფურია ქომაგებს თავის საჩემპიონო ქამარს წარუდგენს! UFC-ის ქართველი ჩემპიონის ცოცხლად ხილვის საშუალება ყოველდღე ნამდვილად არ გვეძლევა.

    3. გულმხურვალე ქომაგობა 90 წუთის განმავლობაში

    დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ საკითხზე დამატებით რჩევა-დარიგებებს ქართველი ქომაგი არ საჭიროებს. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ქართველმა ფეხბურთელებმა ზუსტად იმდენი ხნის განმავლობაში უნდა იგრძნონ უწყვეტი მხარდაჭერა, რამდენსაც ლუქსემბურგელი მეტოქეების დამარცხებას მოანდომებენ, დანარჩენი კი უკვე მათ ოსტატობაზე იქნება დამოკიდებული.

    აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩი 21 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები