• 24-02-2024
    ტუხელი: "არ ვფიქრობ, რომ "ბაიერნში" ერთადერთი პრობლემა ვარ"
    ტუხელი: "არ ვფიქრობ, რომ "ბაიერნში" ერთადერთი პრობლემა ვარ"
    Author of the article
    Aa

    ლევერკუზენის "ბაიერმა" გუშინ "მაინცი" დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგის ლიდერს უკვე 11 ქულით ჩამორჩება და თავს ფეხის დაცდენის უფლებას ვეღარ მისცემს.

    "რეკორდმაისტერი" დღეს გერმანულ "ლაიფციგს" დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თომას ტუხელმა გუნდში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავს "ალიანს არენის" ბინადართა ერთადერთ პრობლემად არ მიიჩნევს.

    "არ აქვს მნიშვნელობა, კლუბის გადაწყვეტილება მესმის ან ბედნიერი ვარ მისით თუ არა. ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველაფერი გარკვეულია. გარკვეულობას თავისუფლება მოაქვს, ეს კი მატჩებისა და ვარჯიშებისთვისაა კარგი.

    მწვრთნელს აღარ უწევს გადაწყვეტილებების გრძელვადიან შედეგებზე ფიქრი. ამ დროს გეძლევა საშუალება, რომ უფრო ხისტი იყო.

    არასდროს მიგვრძნია, რომ სამწვრთნელო შტაბი გუნდს განვითარებაში ხელს ვუშლიდით, თუმცა ვარჯიშებზე ნაჩვენები მატჩებში ვერ გადაგვაქვს, ეს კი მწვრთნელის პასუხისმგებლობაა. არ ვფიქრობ, რომ ერთადერთი პრობლემა ვარ, მაგრამ ჩემს წილ პასუხისმგებლობას მაინც ვიღებ. ჩვენი თამაშით კმაყოფილი არ ვარ და უკვე საკმაო ხანია, რაც ასე ვგრძნობ თავს," - თქვა ტუხელმა.

    შეგახსენებთ, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თომასი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

    რაც შეეხება "ლაიფციგთან" მატჩს, იგი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები