• 16-02-2023
    ჰავერცი: "წავაგეთ, მაგრამ ნაბიჯი წინ გადავდგით"
    ჰავერცი: "წავაგეთ, მაგრამ ნაბიჯი წინ გადავდგით"
    Aa

    ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში ლონდონის "ჩელსი" დორტმუნდს ესტუმრა და ადგილობრივ "ბორუსიასთან" მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 0:1 წააგო.


    შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა. "არისტოკრატთა" მხრიდან ყველაზე რეალური შანსები ჟოაუ ფელიქსს ჰქონდა, თუმცა პორტუგალიელმა ერთხელ ბურთი კარს ზემოდან გადააცილა, მეორედ კი "დორტმუნდი" ხარიხამ გადაარჩინა. სახიფათო შეტევებს ახორციელებდნენ მასპინძლებიც, თუმცა ტაიმი ნულოვანი ყაიმით დასრულდა.


    მატჩის ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე გავიდა. "შავ-ყვითლების" ახალგაზრდა შემტევმა კარიმ ადეიემიმ ბურთი თავისი ნახევრიდან წაიღო, ენცო ფერნანდესს სპრინტი მოუგო, კეპა არისაბალაგაც მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. ამის შემდეგ ტაბლოზე აღარაფერი შეცვლილა და გერმანელები ლონდონში ერთბურთიანი უპირატესობით ჩავლენ.


    მიუხედავად წაგებული მატჩისა, "ჩელსის" თავდამსხმელი, კაი ჰავერცი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით მაინც კმაყოფილი დარჩა.


    "იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ბევრი ფეხბურთელი შემოგვიერთდა. ვფიქრობ, ხედავთ, რომ ვვითარდებით და გუნდის წევრებს შორის ქიმია იქმნება.


    მართალია, წავაგეთ, მაგრამ ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. შედეგი არ არის ისეთი, როგორიც გვინდოდა... მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, კარგი ნიშნები გამოჩნდა - განსაკუთრებით, მეორე ტაიმში. წარმატება ამაზე უნდა ავაშენოთ," - თქვა ჰავერცმა.


    აქვე გეტყვით, რომ ეს გუნდები ერთმანეთს 7 მარტსაც შეხვდებიან. განმეორებითი შეხვედრა "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართება.

    Facebook კომენტარები