• 19-11-2023
    "მწვრთნელმა გვითხრა, რომ რეკორდის დამყარება შეგვეძლო" - მბაპე 14:0-ზე
    "მწვრთნელმა გვითხრა, რომ რეკორდის დამყარება შეგვეძლო" - მბაპე 14:0-ზე
    Author of the article
    Aa

    საფრანგეთის ნაკრებმა გუშინ გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებს ანგარიშით 14:0 მოუგო და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპების ისტორიაში ყველაზე დიდსხვაობიანი გამარჯვება დააფიქსირა.

    "პარკ დე პრენსზე" ჩამოსული სტუმრების რბევა ეთან სანტოსის ავტოგოლით დაიწყო, შემდეგ კი გოლები მარკუს ტურამმა, ვარენ ზაირ-ემერიმ, კილიან მბაპემ (3), ჯონათან კლაუსმა, კინგსლი კომანმა (2), იუსუფ ფოფანამ, ადრიენ რაბიომ, უსმან დემბელემ და ოლივიე ჟირუმ (2) გაიტანეს.

    გარდა ჰეთ-თრიქისა, მბაპემ გუშინ 3 საგოლე გადაცემაც მიიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ "პარი სენ ჟერმენის" მეგავარსკვლავს კარიერაში უკვე 300 გოლი დაუგროვდა. ამ მიღწევისა და უშუალოდ მატჩის შესახებ კილიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

    "ხაზი კოლექტიურ გამარჯვებას უნდა გავუსვათ. საფრანგეთის ნაკრებს ბევრი ნიჭიერი გუნდი ჰყოლია, თუმცა ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვების მოპოვება რაღაც განსაკუთრებულია. გუნდური წარმატება ინდივიდუალურ წარმატებაზე გაცილებით მეტად ფასობს.

    კარიერაში გატანილი 300 გოლი ჩემთვის მიღწევაა, თუმცა იგი უკანა პლანზე გადადის, რადგან გუნდმა დღეს ბრწყინვალედ ითამაშა.

    ზოგიერთ ფეხბურთელს 800, 850 გოლი აქვს გატანილი. ამასთან შედარებით 300 სასაცილო რიცხვია! მინდა, რომ ჩემი ნაკრებისა და გუნდისთვის მნიშვნელოვანი როლის შესრულება ისევ გავაგრძელო.

    გვინდოდა, რომ ისტორიაში შევსულიყავით და ეს ერთად გავაკეთეთ. მწვრთნელმა გვითხრა, რომ დღეს უდიდესი სხვაობით მოგება შეგვეძლო და ამაზე უნდა გვეფიქრა. სწორედ ამიტომ მოვეკიდეთ თამაშს მთელი სერიოზულობით," - თქვა 24 წლის თავდამსხმელმა.

    საფრანგეთის ნაკრებს B ჯგუფში ჩატარებული 7 მატჩიდან 7-ვე მოგებული აქვს და ფინალურ ეტაპზეც პირველი ადგილითაა გასული. უკანასკნელ ტურში დიდიე დეშამის შეგირდები საბერძნეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 21 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.


    Facebook კომენტარები