• 02-05-2024
    ტერზიჩი: "სანჩოსგან ასეთი პერფომანსი გვჭირდებოდა"
    ტერზიჩი: "სანჩოსგან ასეთი პერფომანსი გვჭირდებოდა"
    Author of the article
    Aa

    დორტმუნდის "ბორუსიამ" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში "პარი სენ ჟერმენს" უმასპინძლა და მეტოქე შინ დამწუხრებული გაუშვა.

    "სიგნალ იდუნა პარკზე" გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე გავიდა. თავი "შავ-ყვითლების" გერმანელმა ცენტრფორვარდმა, ნიკლას ფიულკრუგმა გამოიჩინა. გამოცდილმა ცხრიანმა ჯერ ჩინებული გრძელი პასით მიღებული ბურთი დაამუშავა, შემდეგ კი ჯანლუიჯი დონარუმა უშანსოდ დატოვა.

    მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ "ბორუსიაში" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" განათხოვრებული ჯეიდონ სანჩო, რომელიც გუნდის თავკაცმა, ედინ ტერზიჩმა მატჩის შემდეგ შეაქო.

    "სანჩოს დონეს ვარჯიშებზე ყოველდღე ვხედავ. შესაძლოა, ამის მოედანზე გადატანა მარტივი არაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თვეების განმავლობაში გაკლდა სათამაშო რიტმი.

    ვიცოდით, რომ ჯეიდონისგან დღეს სწორედ ასეთი პერფომანსი გვჭირდებოდა," - თქვა ტერზიჩმა.

    კომენტარი გააკეთა ინგლისელმა ფეხბურთელმაც: "აქ 17 წლის ასაკში მოვედი და მათ პროფესიონალური ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა მომცეს. მოხარული ვარ იმით, თუ როგორ მიმიღეს სტაფის წევრებმა და თანაგუნდელებმა. ნამდვილად არ ვიცი დავრჩები თუ არა. ახლა მხოლოდ აწმყოზე ვარ ორიენტირებული."

    შეგახსენებთ, რომ "პსჟ-სა" და "ბორუსიას" განმეორებითი დაპირისპირება 7 მაისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. მას "პარკ დე პრენსი" უმასპინძლებს.

    Facebook კომენტარები