• 04-08-2023
    "ბაიერნი" "ტოტენჰემს" ულტიმატუმს უყენებს - გადამწყვეტი ღამე
    "ბაიერნი" "ტოტენჰემს" ულტიმატუმს უყენებს - გადამწყვეტი ღამე
    Author of the article
    Aa

    მიუნხენის "ბაიერნმა" ლონდონის "ტოტენჰემს" ჰარი კეინზე გაკეთებულ შეთავაზებაზე დათანხმების ბოლო ვადად პარასკევი ღამე დაუწესა.

    "რეკორდმაისტერს" "დეზებმა" უკვე 3 წინადადება დაუბლოკეს. როგორც ჩანს, ბავარიელებს ლოდინი მობეზრდათ და ინგლისელი ცენტრფორვარდის შეძენას ბოლოჯერ ეცდებიან.

    The Telegraph-ის ინფორმაციით, მიუნხენში ძალიან აღიზიანებთ მოლაპარაკებების გაჭიანურება. თუ "სპურსი" უკანასკნელ შეთავაზებასაც უარით გაისტუმრებს, "ბაიერნი" მოლაპარაკებებიდან გავა და სხვა სამიზნეებზე გადაიტანს ყურადღებას.

    Sky Germany წერს, რომ მიუნხენელები "ტოტენჰემს" კეინში 86.24 მილიონ ფუნტს სთავაზობენ (ბონუსების ჩათვლით), რაც 100 მილიონ ევროზე მეტია. 

    რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული ცნობების მიხედვით, "ბაიერნისა" და "ტოტენჰემის" სასურველ თანხებს შორის 20 მილიონფუნტიანი განსხვავება გახლდათ. ბავარიაში ფიქრობენ, რომ ეს განსხვავება მათ ჯეროვნად აღმოფხვრეს, ამიტომ "დეზებისგან" დასტური უნდა მიიღონ.

    ჰარის "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2024 წლის ივლისში ეწურება. იმ შემთხვევაში, თუ მას ლონდონელები არც ამ ჯერზე შეელევიან, 1 სეზონსაც გაატარებს ლონდონში, მერე კი იქიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.

    30 წლის ფორვარდს "დეზების" მაისურით ჩატარებულ 435 მატჩში 280 გოლი აქვს გატანილი. მის ანგარიშზე არცერთი ტიტული არაა.

    Facebook კომენტარები