• 07-12-2023
    პოჩეტინო: "მანჩესტერის" ენერგიას წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ"
    პოჩეტინო: "მანჩესტერის" ენერგიას წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ"
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონის "ჩელსის" პრემიერ ლიგის მე-15 ტურის ცენტრალურ მატჩში უმასპინძლა და მოუგო, ანგარიშით 2:1. "წითელი ეშმაკებიდან" დუბლით შოტლანდიელი ნახევარმცველი, სკოტ მაკტომინეი გამოირჩა, "არისტოკრატების" გოლი კი კოულ პალმერის აქტივში გახლდათ.

    აღსანიშნავია, რომ შეხვედრის სტარტზე ბრუნო ფერნანდეშმა პენალტი გააფუჭა, თუმცა მანკუნიელთათვის მთელი თამაშის განმავლობაში დომინაციაში ამას ხელი მაინც არ შეუშლია.

    "ოლდ ტრაფორდზე" განცდილი მარცხის შესახებ "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ვრცლად ისაუბრა.

    "იმედგაცრუებული ვარ, რადგან მატჩი კარგად ვერ დავიწყეთ. მათი სტარტი ჩვენზე უკეთესი იყო, მეტი ენერგია აჩვენეს. ამას წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ. ვფიქრობ, მათ გვაჯობეს და მეტი სათქმელი არაფერია.

    საკმარისი რაოდენობის შანსები შევქმენით, რათა ქულა მაინც აგვეღო. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა და 1:1-ზე მომენტებიც გვქონდა. უნდა გაგვეტანა. უფრო ცივსისხლიანები უნდა ვყოფილიყავით. პრობლემა სწორედ ეს იყო.

    მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ გოლი გავუშვით, მერე კი ენერგია აღარ გვეყო. საბოლოო ჯამში, ჩემი შეგრძნება ისეთია, რომ "მანჩესტერმა" 3 ქულა დაიმსახურა," - თქვა არგენტინელმა სპეციალისტმა.

    "ჩელსის" 15 მატჩში 19 ქულა აქვს აღებული და სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზეა. რაც შეეხება ერიკ ტენ ჰაგის გუნდს, მათ მე-7 ადგილზე აინაცვლეს.

    Facebook კომენტარები