• 23-02-2024
    გვარდიოლა: "რეტკლიფთან ერთად "მანჩესტერი" წინ წავა"
    გვარდიოლა: "რეტკლიფთან ერთად "მანჩესტერი" წინ წავა"
    Author of the article
    Aa

    როგორც იცით, ბრიტანელმა მილიარდელმა ჯიმ რეტკლიფმა "მანჩესტერ იუნაიტედის" აქციების 27.7% პროცენტი შეიძინა და საფეხბურთო ოპერაციებზე კონტროლიც მოიპოვა. 

    რეტკლიფი "ემიუში" დიდი გეგმებით მოდის. მას სურს, რომ "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" დომინაცია 3 წელიწადში დაასრულოს. პირველი ნაბიჯებიც უკვე გადადგმულია - "წითელმა ეშმაკებმა" აღმასრულებელ დირექტორად "სიტიდან" წამოყვანილი ომარ ბერადა დანიშნეს, ახლა კი "ნიუკასლის" სპორტულ დირექტორს, დენ ეშვორთს უმიზნებენ.

    მანკუნიელთა ახალი მეწილის ქმედებებზე აზრი "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას ჰკითხეს. პეპის განცხადებებიდან ირკვევა, რომ იგი "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებს:

    "დარწმუნებული ვარ, რომ ჯიმ რეტკლიფთან და სხვა ადამიანებთან ერთად "მანჩესტერ იუნაიტედი" წინ საკმაოდ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

    ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მათ ზუსტად იცოდნენ, რას აკეთებდნენ. თანამდებობებზე საჭირო ხალხს ნიშნავენ. მისი გამოცდილება პროექტს უკეთესს გახდის და ეს ნორმალურია.

    უმაღლეს დონეზე ყოფნა ყველა გუნდს უნდა. მათ შორის ვართ ჩვენც. იმ დროის განმავლობაში, სანამ მე აქ ვიქნები, კვლავ პირველობას ვეცდებით," - თქვა პეპმა.

    შეგახსენებთ, რომ "სიტი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ "ლივერპულს" 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა მათზე 1-ით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. მომდევნო შეხვედრას "ქალაქელები" ხვალ ჩაატარებენ გასვლაზე, "ბორნმუთის" წინააღმდეგ.

    Facebook კომენტარები