• 20-07-2023
    ნკუნკუ: "ჩემი პოზიცია ცენტრალური თავდამსხმელია"
    ნკუნკუ: "ჩემი პოზიცია ცენტრალური თავდამსხმელია"
    Author of the article
    Aa

    ამერიკული ტურნეს ფარგლებში, ლონდონის "ჩელსი" გუშინ "ვრექსემს" ამხანაგურად გაეჯიბრა და მეტოქე გაანადგურა, ანგარიშით 5:0.

    "არისტოკრატთათვის" განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გუნდის ახალწვეულის, კრისტოფერ ნკუნკუს გოლი გახლდათ. "ლურჯების" მაისურით ჩატარებულ თავის სადებიუტო მატჩში ნკუნკუმ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ითამაშა და მეტოქის კარიც აიღო.

    მატჩისშემდგომ ინტერვიუში ახალგაზრდა შემტევმა განაცხადა, რომ თავს ყველაზე კომფორტულად სწორედ აღნიშნულ როლში გრძნობს.

    "ეს ჩემი პოზიციაა. მიყვარს იქ თამაში, სადაც გადასაადგილებლად სივრცე მაქვს. ძალიან ბედნიერი ვარ.

    ადაპტაცია გვჭირდება, თუმცა ვარჯიშებზე ამაზე ვმუშაობთ. მომდევნო კვირა ძალიან პოზიტიური იქნება.

    პოჩეტინო კარგი მწვრთნელია. ბევრ რამეში გვეხმარება. მასთან მუშაობა ჯერ ახლა დავიწყეთ და, როგორც ვთქვი, მომდევნო კვირა უკეთესი გამოვა," - თქვა კრისტოფერმა.

    შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელი "ჩელსიმ" გერმანული "ლაიფციგიდან" შეიძინა. მასში ლონდონელებმა 60 მილიონი ევრო გადაიხადეს.

    მომდევნო ამხანაგურ მატჩში მაურისიო პოჩეტინოს გუნდი "ბრაიტონს" შეხვდება. მატჩი 23 ივლისს, თბილისის დროით 3 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები