გათიშვა

5 გუნდი, სადაც გიორგი ჩაკვეტაძემ შეიძლება კარიერა გააგრძელოს

5 გუნდი, სადაც გიორგი ჩაკვეტაძემ შეიძლება კარიერა გააგრძელოს
2 თვის და 4 კვირის წინ
ირაკლი ხასაია

გიორგი ჩაკვეტაძემ 2024/2025 წლების სეზონი დიდებულად დაიწყო. 25 წლის ნახევარმცველი "უოტფორდის" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, ჩემპიონშიფში საუკეთესოა შექმნილი შანსების მიხედვით, ამ ყველაფერს კი გუშინ "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ შესანიშნავად ჩატარებული მატჩიც დაუმატა. ქართველმა მოედანზე სულ ოცდაათიოდე წუთი გაატარა, მაგრამ საგოლე პასის გაკეთება და ყველაზე უდიდესი შთაბეჭდილების მოხდენა მაინც მოასწრო.

ბუნებრივია, როდესაც ჩაკვეს ასეთ თამაშს ვუყურებთ, ძალაუნებურად გვეფიქრება იმაზეც, თუ რომელ გუნდში უნდა გააგრძელოს მან კარიერა. არ გამოვრიცხოთ, გიორგის შესახებ შეთავაზებები "ხარირმებმა" იანვარშიც მიიღონ, მაგრამ ორიენტირი ჩვენ 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ავიღოთ და ის რამდენიმე გუნდი მიმოვიხილოთ, სადაც "უოტფორდის" ლიდერის ხილვა ძალიან საინტერესო იქნებოდა.

მაშ ასე, გთავაზობთ 5 გუნდს, რომელთა რიგებში გიორგის გადაბარგება საკმაოდ რეალურად წარმოგვიდგენია.

"ბრაიტონი"

თუ ჩემპიონშიფიდან პირდაპირ პრემიერლიგურ გრანდში ჩარიცხვა მარტივი საქმე არაა და ამაზე ფიქრი ბევრს თამამად ეჩვენება, საუკეთესო სტარტად "ფალმერ სთედიუმზე" გადაბარგება უნდა გვესახებოდეს. "თოლიები" უკვე რამდენიმე სეზონია, რაც ინგლისის რანგით უმაღლეს დივიზიონში ტოპ 6-ის გუნდებს ამწარებენ ხოლმე და თავს ლამაზი ფეხბურთის თამაშით გვამახსოვრებენ, თავიანთ მიერ აღმოჩენილ ფეხბურთელებს კი მერე გრანდებში საკმაოდ ძვირად ყიდიან. ცხადია, ჩაკვეტაძემ რომ ეს გზა გაიაროს, წინააღმდეგი არავინ ვიქნებით. "ბრაიტონს" სათავეში 31 წლის სპეციალისტი, ფაბიან ჰურცელერი უდგას. ახალგაზრდა სპეციალისტთან მუშაობა გიორგისთვის ახალი ხილიც არ იქნება, რადგან მისი ამჟამინდელი გუნდის მესაჭე, ტომ კლევერლი 35 წლისაა.

"ბრენტფორდი"

"ფუტკრები" დაცვიდან შეტევაში მაქსიმალურად სწრაფად გადადიან და პრემიერ ლიგის კერკეტი კაკლის სტატუსსაც ამ სათამაშო ფილოსოფიით იხვეჭენ. ჩაკვეტაძის უნარი, რომ ბურთთან ერთად დიდი მანძილი ძალიან სწრაფად დაფაროს, ამ გუნდში განსაკუთრებით დაფასდება. აღსანიშნავია, რომ ტომას ფრანკის გუნდს ახლა ნახევარდაცვის ცენტრში სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. ვინ იცის, თუ მსგავსი ვითარება იანვრამდე შენარჩუნდა, "ბრენტფორდმა" "უოტფორდს" ძალიან მალე მიაკითხოს.

"ტოტენჰემი"

ზემოთ კი ვახსენეთ, რომ ჩემპიონშიფიდან ტოპ 6-ში მოხვედრა ძალიან რთული ამბავია, თუმცა თუ ამ ექვსეულიდან მსგავსი გაძლიერება რომელიმეს სჭირდება, ეს "ტოტენჰემი" უნდა იყოს. "დეზებმა" ამ ზაფხულს "ლიდსიდან" არჩი გრეი იყიდეს, უკვე გავარდნილი "ბარნლიდან" კი უილსონ ოდობერი წამოიყვანეს. მართალია, პირველი 19 წლისაა (გადახდილია 41 მილიონი ევრო), მეორე 18-ის (გადახდილია 30 მილიონი ევრო) და მათ ტალანტზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ თუ ჩაკვეტაძე ასაკით უფროსია, მისი შეძენაც გაცილებით იაფი დაჯდება. მოედნის ცენტრში ჩაკვესა და ჯეიმს მედისონის პარტნიორობას, ხოლო შეტევაში მასთან ერთად გაქცეულ ჰონ მინ სონს სიამოვნებით ვნახავდით...

"ფრაიბურგი"

ცოტათი გავცდეთ ინგლისს და სხვა ჩემპიონატებზეც ვიფიქროთ. თუ სათვალავში პრემიერ ლიგას არ ჩავაგდებთ, გიორგისთვის ყველაზე სასურველ ჩემპიონატებად გერმანიის ბუნდესლიგა და ესპანეთის ლა ლიგა გვესახება, ამიტომ ორივედან თითო გუნდს დავასახელებთ.

ბუნდესლიგაში არჩევანს ქართველთათვის კარგად ნაცნობ გუნდზე, "ფრაიბურგზე" შევაჩერებთ. გუნდი, სადაც წარსულში 5 ქართველ ფეხბურთელს უთამაშია ახლა სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს და ბოლო წლებში ევროტურნირებისთვის მებრძოლ კოლექტივად ჩამოყალიბდა. მართალია, 2022/2023 წლების სეზონში მე-5 ადგილზე გასვლას წინა გათამაშებაში მე-10 პოზიციის დაკავება მოჰყვა, თუმცა ეს ფრაიბურგელთა ევროპა ლიგაზე გამოსვლითა და ორ ფრონტზე ბრძოლის სირთულით უნდა ავხსნათ. ძალიან მომხიბლავი ფეხბურთის მათამაშებელი ბადენვურტემბერგერელებისთვის ჩაკვე შეიძლება სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლის გასაღებიც იყოს.

"ბეტისი"

ხუთეულს "ბენიტო ვილამარინის" ბინადრებით დავასრულებთ. მანუელ პელეგრინის გუნდი ახლა მცირე კრიზისში იმყოფება, თუმცა ის შემადგენლობა, რაც ანდალუსიელებს ჰყავთ, მდგომარეობის მალე გამოსწორების იმედს ტოვებს. გვახსოვდეს ისიც, რომ "უოტფორდში" ჩატარებული კარგი სეზონის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ეშელონის გუნდში წასვლის პრეცენდენტი სულ ახლახანს დაფიქსირდა. "ჟირონამ" ზაფხულში იასერ ასპრილიაში 14 მილიონი ევრო გადაიხადა. კოლუმბიელს "თეთრ-წითლების" რიგებში თავი ჯერ არ გამოუჩენია, თუმცა სევილიელები ამან არ უნდა დააფრთხოს.


შეგახსენებთ, რომ გიორგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს აქტივში. 28 სექტემბერს "ხარირმები" "სანდერლენდს" მიიღებენ. შეხვედრა თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.

FACEBOOK კომენტარები