• 27-03-2024
    საქართველო, უკრაინა და პოლონეთი ევრო 2024-ზე - რუსული მედიის გამოხმაურება
    საქართველო, უკრაინა და პოლონეთი ევრო 2024-ზე - რუსული მედიის გამოხმაურება
    Author of the article
    Aa

    26 მარტის დაუვიწყარმა ღამემ ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე დარჩენილი 3 ვაკანტური ადგილიც შეავსო. გერმანიისკენ მიმავალ გზაზე ჯერ საქართველოს ნაკრები დადგა, რომელმაც საბერძნეთის ეროვნული გუნდი პენალტების სერიაში დაჯაბნა, "ჯვაროსნებს" კი მოგვიანებით უკრაინისა და პოლონეთის ნაკრებებიც შეუერთდნენ.

    წუხანდელი დღის მოვლენებს რუსულ პრესაშიც გამოეხმაურნენ. ტრიუმფატორთა სამეულს თუ გავითვალისწინებთ, ჩრდილოეთში დიდად კმაყოფილები ვერ დარჩებოდნენ, თუმცა მატჩების შედეგები რეაქციის გარეშე არ დაუტოვებიათ. რა გასაკვირია, რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ხვიჩა კვარაცხელია ექცევა, რომლის მიერ გასახდელში შესრულებული ცეკვის კადრები რამდენიმე ვებსაიტზე გვხვდება.

    რაც შეეხება სამატჩო პერიპეტიების აღწერას, დიდი ენაწყლიანობით არავინ გამორჩეულა.

    "პლეი ოფები დასრულებულია. იყო რამდენიმე სენსაციაც.

    საქართველოსა და საბერძნეთს შორის გამართულ მატჩს თვალსასეირო არ ეთქმოდა, თუმცა დაძაბულობა პიკში გახლდათ. 120 წუთში გუნდებმა კარში სულ 5-ჯერ დაარტყეს (3:2 მასპინძლების სასარგებლოდ), ყველაზე საინტერესო მომენტი კი პირველი ტაიმის ბოლოს, ხვიჩა კვარაცხელიასა და პეტროს მანტალოსის შელაპარაკება იყო. კონფლიქტის შედეგად, ქართველთა სათადარიგო მეკარე, გიორგი ლორია გააძევეს.

    საქართველოს ნაკრებმა თამაში თავისი მთავარი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანი მოქმედების გარეშე დაასრულა, რომელმაც მოედანი 109-ე წუთზე, ტრავმის გამო დატოვა. ლოგიკურია, რომ ასეთი თამაში ნულოვანი ფრით დასრულდა და გამარჯვებული პენალტების სერიამ გაარკვია.

    უკრაინასა და ისლანდიის შეხვედრაში გოლები მაინც გავიდა. ალბერტ გუდმუნსონმა პირველ ტაიმში გაიტანა, შესვენების შემდეგ კი ვიქტორ ციგანკოვმა. უკრაინელთა კიდევ ერთი გოლი, რომან იარემჩუკის მიერ გატანილი, ვიდეორეფერიმ გააუქმა. ბოლოს ყველაფერი მიხაილო მუდრიკის შედეგიანმა დარტყმამმ გადაწყვიტა. "ჩელსის" გარემარბმა თავისი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებული პასისა და ცენტრალური ზონიდან შესრულებული დაბალი დარტყმით გაიყვანა.

    პლეი ოფის მესამე ფინალში ერთმანეთს პოლონეთი და უელსი შეხვდნენ. ისევე როგორც თბილისში, თამაში კარდიფშიც დაძაბულობამ ჩაყლაპა. მაგალითად, პოლონეთს 120 წუთის განმავლობაში კარში არ დაურტყამს. ევრო 2024-ზე წამსვლელი პენალტების სერიამ განსაზღვრა, რომელიც პოლონელებმა ანგარიშით 5:4 მოიგეს."

    - Chempionat.ru (ამ ვებსაიტზე ასევე შევხვდებით სტატიას საქართველოს ნაკრების 17 ფეხბურთელისა და ვილი სანიოლის შესახებ, სათაურით "საქართველოს ნაკრების 17 გმირი, რომლებმაც გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანეს".)

    "საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა. საგზური მათ ერთა ლიგის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთის დამარცხებით მიიღეს.

    ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის პენალტების სერია ქართველებმა 4:2 მოიგეს, 120 წუთში გუნდებმა გოლი ვერ გაიტანეს.

    საბერძნეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა. ტურნირს გერმანია უმასპინძლებს."

    - Sport.ru

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფშია, სადაც თურქეთს, პორტუგალიასა და ჩეხეთს შეხვდება. პირველი მატჩი "ჯვაროსნებს" 18 ივნისს, თურქეთთან ელოდებათ.

    Facebook კომენტარები