• 29-03-2024
    როგორ მოვუგეთ საბერძნეთს - 5 ძირითადი ფაქტორი
    როგორ მოვუგეთ საბერძნეთს - 5 ძირითადი ფაქტორი
    Author of the article
    Aa

    საბერძნეთთან მოგებული ისტორიული მატჩიდან ორი დღე გავიდა, თუმცა ის ემოციები, რომლებიც იმ ღამემ დატოვა, ჯერ კიდევ ჩვენთანაა და ცხოვრების ბოლომდეც ჩვენთან დარჩება. თუმცაღა, იმის თქმა, რომ მატჩის შეფასება ცივ გონებაზე ახლა უკეთ შეგვეძლება, აზრსმოკლებული წესით ნამდვილად არ უნდა იყოს.

    ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ 5 ფაქტორს, რომლებმაც "ჯვაროსანთა" ყველაზე დიდი გამარჯვება განაპირობეს:

    გულშემატკივრის უწყვეტი მხარდაჭერა

    ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონს ძალიან ბევრი რამ უნახავს, მაგრამ ის, რაც იქ 26 მარტის ღამით ხდებოდა, შეიძლება არც არასდროს ჰქონდეს ნანახი. 120 წუთის განმავლობაში ტრიბუნებზე შეკრებილ გულშემატკივარს ერთი წამითაც არ შეუსვენია - უამრავჯერ ერთხმად შესრულდა ლამის ნაკრების ჰიმნად ქცეული "ზღაპრის ბოლო კეთილია", ბერძნების თითოეული შეტევა გამაყრუებელი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ქართველი ფეხბურთელების თითოეულ წარმატებულ მოქმედებას კი ყიჟინა მოსდევდა. 

    ქომაგმა თავისი სიტყვა პენალტების სერიის დროსაც თქვა, როცა სასტარტო პენალტის შემსრულებელ გიორგი ქოჩორაშვილს სიმღერით გაახსენა, რომ მართალია, პენალტის ნიშნულთან მარტო იდგა, თუმცა ზურგს მთელი ქვეყანა უმაგრებდა. ნიკა კვეკვესკირის თერთმეტმეტრიანის შემდეგ კი მოხდა ის, რაც აუცილებლად მოხდებოდა: გულშემატკივარი მინდორზე გადავიდა და გამარჯვების თითოეული წამი ბოლომდე შეიგრძნო.

    უშეღავათო ბრძოლა მოედნის ყველა წერტილში

    თუ რომელიმე ეპიზოდზე ითქმის, რომ ქართულ-ბერძნული ფინალის მთელ სულისკვეთებას ასახავდა, ეს ბუდუ ზივზივაძის თავდადებული თამაშია, რომლის ამსახველი კადრებიც თქვენც აუცილებლად გექნებათ ნანახი. 30 წლის ცენტრფორვარდმა ბურთზე თავით თამაში ისეთ ორთაბრძოლაში სცადა, სადაც ბევრი ფეხის შეყოფასაც ვერ გარისკავდა. მატჩის მონაწილე 16-ვე "ჯვაროსანი" ზუსტად ასეთი შემართებით დაიხარჯა, რამაც შედეგი გამოიღო. ფიზიკური მომზადება, სრული კონცენტრაცია მთელი მატჩის განმავლობაში და ბევრი სირბილი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ძლიერ მხარეთა ჩამონათვალში აქამდე არასდროს მოხვედრილა, თუმცა გუშინწინ ყველაფერი სულ სხვანაირად იყო.

    ინდივიდუალური პერფომანსები

    ძალიან ძნელია, გამოარჩიო რომელიმე ფეხბურთელი, როცა გუნდი ასეთი ერთიანია და გამარჯვებაც სწორედ ამის ხარჯზე მიიღწევა, თუმცა მაყურებელი მაინც შენიშნავდა, რომ რამდენიმე მოთამაშემ მართლაც რომ განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა. უპირველესად ეს ლაშა დვალზე უნდა ითქვას, რომელსაც შეიძლება კარიერის მატჩიც კი ჰქონდა. კვიპროსის "აპოელის" 30 წლის მცველი Whoscored.com-მა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა, მისი თამაშიდან კი ორი მომენტი განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა - პირველ ტაიმში განხორციელებული წარმატებული ვარდნა, როცა ბერძენი ფორვარდი გოლთან ერთ ნაბიჯში იყო, და ზუსტად დარტყმული პენალტი. გავიხსენოთ ისიც, რომ ლაშას ამ თერთმეტმეტრიანის შესრულება უდიდესი წნეხის ქვეშ მოუწია, რადგან წინა პენალტი ქართველებს გაფუჭებული ჰქონდათ, ბერძნებს კი - გატანილი.

    პენალტი ვახსენეთ და არ შეიძლება არ აღფრთოვანებულიყავი გიორგი ქოჩორაშვილის თამაშით. სასტარტო თერთმეტმეტრიანის დარტყმას (და თან ისე დარტყმას, როგორც ეს გიორგიმ გააკეთა), რაოდენ დიდი გამბედაობა სჭირდება, ამას აღარ შეგახსენებთ, მაგრამ გაგახსენებთ იმას, თუ რაოდენ მაღალ დონეზე ითამაშა "ლევანტეს" ნახევარმცველმა 120 წუთი. გიორგიმ უდიდესი სამუშაო გასწია, ერთი წამითაც კი არ დაღლილა და ფაქტი, რომ ბერძნებმა მოედნის ცენტრში ბრძოლა ვერ მოიგეს, დიდწილად მისი დამსახურებაა.

    რა თქმა უნდა, ვერ გამოვტოვებთ გიორგი მამარდაშვილსაც, რომელიც თერთმეტმეტრიანების სერიაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ.

    ეფექტური ცვლილებები

    ვილი სანიოლმა პირველი ცვლილება 75-ე წუთზე გააკეთა და ბევრს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ დააგვიანა კიდეც. ამაზე კამათი შეიძლება, მაგრამ ის, რომ მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შესულმა ყველა ფეხბურთელმა ბრწყინვალედ ითამაშა, ფაქტად რჩება. პირველი გიორგი მიქაუტაძე გახლდათ, რომელიც გარდა იმისა, რომ მეტოქე მცველებს მუდმივ წნეხში ამყოფებდა და ლამაზ ასისტთან იყო ახლოს (კიდევ ერთი შეცვლაზე შესულის, ზურიკო დავითაშვილის დარტყმის მომენტში), მოედნის სიღრმეში ხშირად ჩადიოდა შეტევის იქიდან დასაწყებად. შესანიშნავად გამოიყურებოდნენ ისინიც, ვისაც თამაშში ჩართვა ძირითადი ფეხბურთელების ტრავმების გამო მოუწიათ - გიორგი წიტაიშვილმა არც დაცვაში დააკლო რამე და სოლოგოლამდეც ცოტა დააკლდა, გიორგი ქვილითაიამ კი დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ დამატებული დროის ბოლო წუთებზე ქართველებს არათუ ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ, არამედ მეტოქის კართანაც დიდ ხიფათს ქმნიდნენ.

    რაც შეეხება ნიკა კვეკვესკირს, მან ევროპის ჩემპიონატზე გამყვანი პენალტი ცივსისხლიანად შეასრულა და სამუდამოდ შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. აქ მეტის დამატება არცაა საჭირო.

    სრული მზადყოფნა პენალტების სერიისთვის

    ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პენალტების სერიისთვის გუნდი ემზადებოდა და ამ მომზადების შედეგი ჩვენ საქმეში ვნახეთ. გიორგი მამარდაშვილმა ერთი პენალტი მოიგერია და ბერძნების გაფუჭებული მეორე დარტყმაც რომ კარისკენ წასულიყო, იმასაც აუცილებლად აიღებდა. ახალგაზრდა კიპერმა მატჩის მერე ისიც გაგვიმხილა, რაოდენ ზედმიწევნით ჰყავდა ელინელთა ის ფეხბურთელი შესწავლილი, რომელსაც გოლის გატანის საშუალება არ მისცა. ესეც ცხადყოფს, რამხელა სამუშაო უძღოდა წინ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვების ყველაზე დრამატულ სტილში მოპოვებას.

    Facebook კომენტარები