• 10-02-2024
    ჰოლანდი: "ტრავმის გამო უქმობა საშინელება იყო"
    ჰოლანდი: "ტრავმის გამო უქმობა საშინელება იყო"
    Author of the article
    Aa

    ერლინგ ჰოლანდმა ინგლისის პრემიერ ლიგაში 77-დღიანი უგოლო სერია დაასრულა! "მანჩესტერ სიტი" "ევერტონის" კართან ხიფათს 71 წუთის განმავლობაში ვერ ქმნიდა, თუმცა კუთხურის შემდეგ ბურთი ნორვეგიელ ცენტრფორვარდთან აღმოჩნდა, მან კი პირველივე შანსი გოლად გარდაქმნა. 85-ე წუთზე ერლინგმა კევინ დე ბრუინის ასისტით ისარგებლა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 2:0.

    ტრავმის გამო გამოტოვებული პერიოდისა და ბელგიელ ნახევარმცველთან პარტნიორობის შესახებ ჰოლანდმა მატჩისშემდგომ ინტერვიუში ისაუბრა.

    "როცა ბურთი დე ბრუინს აქვს, ვიცი, რომ იდეალურ პასს მივიღებ. სხვებს არ ვაკნინებ, მაგრამ მცირედი განსხვავება სწორედ ესაა. შენ ზუსტად იცი, საით წავა ბურთი.

    კევინთან ჩემი კავშირი ბუნებრივია. ბევრი წელია ვუყურებ, საით აგზავნის ის ბურთს, ბოლო 5 წელიწადში კი არაფერი შეცვლილა. მე მხოლოდ ამ მომენტების დაგვირგვინება დამრჩენია.

    უქმობა საშინელება იყო. ეს ძალიან არ მომეწონა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ტრავმა გაძლევს საშუალებას, უფრო მეტად დააფასო თითოეული სავარჯიშო სესია, მატჩისწინა ნერვიულობა და ყველა პატარა დეტალი. ეს შენს გონებას სხვანაირად განაწყობს.

    ახლა ვარჯიშებზე მისვლას გაცილებით უფრო ვაფასებ, რადგან ვიცი, როგორია მის გარეშე ყოფნა," - თქვა ჰოლანდმა.

    23 წლის ფორვარდმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში თავისი მე-16 გოლი გაიტანა. რაც შეეხება "სიტის", "ქალაქელები" ლიდერ "ლივერპულს" 2 ქულით ჩამორჩებიან, ოღონდ მათზე 1-ით ნაკლები მატჩიც აქვთ ჩატარებული.

    Facebook კომენტარები