• 20-02-2024
    "რატომ წერთ ტყუილებს?" - დე იონგმა ჟურნალისტებს შეუტია
    "რატომ წერთ ტყუილებს?" - დე იონგმა ჟურნალისტებს შეუტია
    Author of the article
    Aa

    "ნაპოლისთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს ფრენკი დე იონგი ახლდა. 

    ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ჯერ ჟურნალისტები აკრიტიკა, შემდეგ კი მათ შეკითხვებსაც უპასუხა. გთავაზობთ "ბლაუგრანას" ვარსკვლავის ყველაზე საინტერესო განცხადებებს:

    "ჩემი მომავალი? სიმართლე ისაა, რომ ცოტა გაბრაზებული ვარ იმის გამო, რასაც თქვენ წერთ. ბევრი ისეთი რამ იწერება, რაც ტყუილია. ეს მაღიზიანებს. რასაც ჩემს ხელფასზე ამბობთ, სიმართლისგან ძალიან შორსაა. რიცხვები გამოგონილია. "ბარსელონაში" ბედნიერი ვარ და აქ დარჩენას კიდევ ბევრი წლის განმავლობაში ვგეგმავ."

    "ბარსელონასგან" კონტრაქტის გახანგრძლივების შეთავაზება? ტყუილები. თქვენ ბევრს წერთ, არა? Mundo Deportivo, ისევე როგორც სხვა გამოცემები, ტყუილებს წერთ! რატომ აკეთებთ ამას? რატომ იგონებთ რაღაცეებს?"

    "სეზონში 40 მილიონ ევროს არ გამოვიმუშავებ. ეს სიცრუეა. მედია ხანდახან სამარცხვინოდ იქცევა."

    "კლუბში ჩემი თანაგუნდელებითა და სტაფის წევრებით ძალიან ბედნიერი ვარ. მედია ხანდახან ჩემი თამაშის დონეს აკრიტიკებს. ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ტყუილებს ვერ მივიღებ."

    "ნაპოლი" მაღალი დონის გუნდია. ამ ტურნირის ამ ეტაპზე დიდი ხანია არ ვყოფილვართ, ამიტომ აღელვებულები ვართ."

    "ნაპოლი" კარგი გუნდია, რომელმაც გასულ სეზონში სერია ა მოიგო. ხვალ ხიფათს კვარაცხელიასგან უნდა ველოდოთ."

    შეგახსენებთ, რომ ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, დე იონგი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, ფრენკის მაღალი ხელფასის გამო კი "ბარსა" მას ზაფხულში ტრანსფერზე დააყენებს. როგორც ჩანს, ამ მითქმა-მოთქმამ ნიდერლანდელი ძალიან გააბრაზა.

    რაც შეეხება "ნაპოლისა" და "ბარსას" მატჩს, იგი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები