• 11-04-2024
    "დორტმუნდში გაგვიჭირდება" - გრიზმანი "ბორუსიასთან" მატჩის შემდეგ
    "დორტმუნდში გაგვიჭირდება" - გრიზმანი "ბორუსიასთან" მატჩის შემდეგ
    Author of the article
    Aa

    ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები ჩამთავრდა. თუ სამშაბათს ორივე წყვილში ფრე დაფიქსირდა, ოთხშაბათს ესპანურმა გუნდებმა გაილაღეს - "ბარსელონამ" გასვლაზე "პარი სენ ჟერმენს" მოუგო (3:2), მადრიდის "ატლეტიკომ" კი შინ დორტმუნდის "ბორუსიას" აჯობა (2:1).

    მიუხედავად გამარჯვებისა, "როხიბლანკოში" წუხანდელი შედეგით ბოლომდე ბედნიერები მაინც ვერ დარჩებოდნენ. 81-ე წუთამდე მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, რაც როდრიგო დე პაულისა და სამუელ ლინოს გოლებით გახლდათ განპირობებული, თუმცა შეხვედრის მიწურულს სება ალემ ერთი გოლი გაქვითა. ის კი არა, "დორტმუნდს" ხელი შეიძლება ყაიმისთვისაც გამოეკრა, იულიან ბრანდტის დარტყმული ბურთი ხარიხას რომ არ მოეგერიებინა.

    შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად "ატლეტიკოს" ფრანგი ვარსკვლავი, ანტუან გრიზმანი დასახელდა. 33 წლის შემტევმა თამაში დისკომფორტით ჩაამთავრა, მაგრამ იგი დარწმუნებულია, რომ განმეორებით მატჩში მონაწილეობას შეძლებს.

    "მეორე ტაიმში ბურთი მეტოქემ დაიჭირა და საჯარიმოს მიგვაჯაჭვა. საკმაოდ გაგვიჭირდა.

    დორტმუნდში წვალება მოგვიწევს. იქ უნდა ჩავიდეთ და მოვიგოთ. ჩვენ გვაქვს საკმარისი დონე, რათა ნახევარფინალსა და შემდგომ სტადიასაც ვუწიოთ.

    ევროპაში საუკეთესო ფიზიოთერაპევტები გვყავს. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვცდილობ, რომ გუნდს დავეხმარო.

    "ატლეტიკოს" გულშემატკივრები გასვლით მატჩებზე დაგვყვებიან. მათ ჩვენი მხარდაჭერა ურჩევნიათ იმას, რომ სახლისთვის საჭირო ნივთები შეიძინონ. ამ კლუბში ყოფნით ძალიან ამაყი ვარ.

    შესაძლოა, ბოლოს არც ისე კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა მეოთხედფინალური მატჩი მოვიგეთ და ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია," - თქვა ანტუანმა.

    შეგახსენებთ, რომ "სიგნალ იდუნა პარკზე" ეს გუნდები ერთმანეთს 16 აპრილს შეხვდებიან.

    Facebook კომენტარები