• 08-07-2023
    კალანდაძე: “ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი მიზანია და ძალიან გამიხარდება, თუ გამომიძახებენ”
    კალანდაძე: “ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი მიზანია და ძალიან გამიხარდება, თუ გამომიძახებენ”

    როგორც მოგეხსენებათ, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე სანდრო კალანდაძე გახლდათ.

    Europop-მა ახალგაზრდა მოთამაშესთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

    “მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით კარგი შედეგი ვაჩვენეთ, კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა იმ მიზნამდე, რომ ოლიმპიადაზე გვეთამაშა და კიდევ ერთი ისტორია დაგვეწერა. ცოტა, გულდაწყვეტილი ვარ, არა მარტო მე, არამედ ბიჭებიც და მთლიანად შტაბიც. კარგი იქნებოდა, რომ ოლიმპიადაზე გავსულიყავით. ჩვენ ჩვენი მაქსიმუმი გავიღეთ და რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. არ გაგვიმართლასავით, სხვას ვერაფერს დავარქმევ, რაც მოხდა.

    დიახ, პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ მეორე ნახევარში ძალიან დიდ უპირატესობას ვფლობდით. მერე პენალტებისთვის გვეთამაშებოდნენ, მიხვდნენ, რომ ვეღარ "გვიქაჩავდნენ", ასე რომ ვთქვათ. ალბათ, შეტევაში დაგვაკლდა ის, რაც წინა მატჩებში კარგად გამოვაჩინეთ, კომბინაციური თამაში, რითაც ყოველთვის გამოვირჩეოდით. უბრალოდ, ისრაელმა ის თამაში შემოგვთავაზა, რაც ჩვენ შევთავაზეთ ჯგუფში მეტოქეებს და მთელი გუნდით უკან იდგნენ. ძალიან რთულია ასეთ გუნდს გოლი გაუტანო. დასანანია, რომ ეს ვერ შევძელით.

    როგორც გუნდი, ნიდერლანდებს გამოვარჩევდი. მთავარი ამოცანა იყო შუა ხაზების გადაკეტვა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვცდილობდით, ეს დავალება შეგვესრულებინა, მაინც გვიძვრებოდნენ და იმ კლასს ამჟღავნებდნენ, რაც აქვთ, თუმცა ეს არცაა გასაკვირი - ტოპკლუბებში თამაშობენ. ერთი მეტოქე, რომელთანაც გამიჭირდა, ჩემდა გასაკვირად არცერთი იყო ამ ჩემპიონატზე. შემდეგ ეტაპზე რომ გავსულიყავით, ინგლისს ან ესპანეთს ალბათ ეყოლებოდა მსგავსი მოთამაშე, რომელთანაც გამიჭირდებოდა. წესით, ამათაც უნდა ჰყოლოდათ, მაგრამ მაგრად დავუდექით.

    ნაკრებში შეტევის დროს კი 3 ცენტრალური მცველი ვართ, მაგრამ დაცვის დროს ხან 5 მცველი ვართ, ხან - 4. კლუბში კი ყოველთვის 4 მცველით ვთამაშობთ. შეტევის დროს უფრო მომწონს 3 ცენტრალურ მცველში თამაში, იმიტომ, რომ უფრო მეტი თავისუფლება მაქვს და წინ მეტად ჩართვის საშუალება. დაცვის დროს ნაკრებში მარცხენა ფლანგზე თამაში მიწევს, დინამოში კი ცენტრში. ასეთ დროს უფრო ცენტრში თამაში მომწონს, შემიძლია მარცხნიდანაც თამაში, მაგრამ უფრო თავდაჯერებული და კომფორტულად ცენტრში ვარ.

    საოცარი შეგრძნება იყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველ მატჩში, პორტუგალიასთან, სტადიონი ბოლომდე სავსე არ იყო, მაინც არ ვართ მიჩვეულები ამდენი მაყურებლის წინაშე თამაშს, ხოლო მომდევნო შეხვედრებში გაივსო და ეს ორმაგი მოტივაცია იყო. საკუთარ თავსაც კი გადააბიჯებდი, რადგან ამდენი ხალხი, რომ გგულშემატკივრობს, რთულია, რაღაც ისე ვერ გააკეთო, როგორც საჭიროა. უფრო კონცენტრირებული და ორმაგად მოტივირებული ხარ.

    მასზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. დიდი ხანია, ერთად მოვდივართ, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. არცერთი შეკრება არ მაქვს მასთან გამოტოვებული და ვფიქრობ, ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. მისი გამორჩეული ხელწერაა შემტევი, კომბინაციური ფეხბურთი, რასაც წლების განმავლობაში ვთამაშობდით და ძალიან დიდ ნაკრებებთან გამოგვდიოდა კიდეც. ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა, რომ ასეთი კომბინაციური თამაში შეგვიძლია არა მარტო დაბალი დონის გუნდებთან, არამედ ევროპის ტოპ ნაკრებებთანაც.

    დაინტერესება არის, თან საკმაოდ ბევრი, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს დავაკონკრეტებ, არ შემიძლია მაგის თქმა. ახლა ორიენტირებული ვარ დინამოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშზე. დანარჩენს დრო გვიჩვენებს, თუმცა ვადასტურებ, რომ ევროპის წამყვანი ჩემპიონატებიდან დაინტერესებები არის.


    ჩემი საოცნებო ჩემპიონატი ამჟამად პრემიერლიგაა, რადგან სულ სხვა დონეზე არიან. ჩემი ფავორიტი კლუბი არ მყავს, ვისაც ვგულშემატკივრობ, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ყველაზე მეტად მანჩესტერ სიტი მომწონს. რაც შეეხება მცველს, ახლა ვეღარ თამაშობს ისე, როგორც თამაშობდა, მაგრამ მე როცა ვიწყებდი თამაშს, სერხიო რამოსი ძალიან მომწონდა, რადგან გამორჩეული იყო. სხვა მცველების დასახელებაც შეიძლება, მაგალითად, მალდინის, ნესტას, მაგრამ მათი თამაში ლაივში არ მაქვს ნანახი და ვისიც მაქვს, მათ შორის რამოსს გამოვარჩევდი.

    ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი მიზანია და ძალიან გამიხარდება, თუ გამომიძახებენ. რაიმე სათამაშო ნაკლი თუ მაქვს, ალბათ, სამწვრთნელო შტაბი უკეთ დაინახავს და დამეხმარებიან გამოსწორებაში, ჩემს თავზე საუბარი ცოტა რთულია.

    კარგ განწყობაზე ვართ, რადგან სუპერთასი მოვიგეთ. ვემზადებით ასტანასთან მატჩებისთვის. ვეცდებით, რომ რაც შეიძლება ბევრი ეტაპი გავიაროთ. ცხადია, გიორგი ლორიას დამატება ძალიან კარგია, გამოცდილი და მაღალი დონის მეკარეა. ჩემთვის, როგორც მცველისთვის, ძალიან დიდი დახმარება იქნება, როცა მეცოდინება, რომ ზურგს გიორგი ლორია გამიმაგრებს.

    ეს ორმაგი მოტივაციაა. კვარამ და მამარდამ ბავშვებს ფეხბურთი ახლიდან შეაყვარეს და უკვე პატარების კუმირები არიან კვარა, მამარდა, ზურიკო და სხვებიც. შეიძლება მათ დონეზე ვერ, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენც შეგვიძლია ტოპჩემპიონატებში ვითამაშოთ, ვინც ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავით. უახლოეს მომავალში ტოპლიგებში ალბათ უფრო მეტი ქართველი იქნება. მათ თითქოს ქართველებისკენ ევროპა შემოატრიალეს”. - განაცხადა კალანდაძემ.

    Facebook კომენტარები