• 18-09-2023
    გვარდიოლა: "ჩემპიონთა ლიგის ერთხელ მოგებაში განსაკუთრებული არაფერია"
    გვარდიოლა: "ჩემპიონთა ლიგის ერთხელ მოგებაში განსაკუთრებული არაფერია"
    Author of the article
    Aa

    ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, "მანჩესტერ სიტი" ტურნირს ხვალ უბრუნდება. "ქალაქელები" შინ ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" მიიღებენ და ჯგუფური ეტაპის 3 ქულით გახსნას ეცდებიან.

    მანჩესტერული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ დღეს მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. პეპის განცხადებებიდან ადვილად იკითხება, რომ "სიტიზენები" ევროპის მთავარი ტურნირის ზედიზედ მეორედ მოგებას უმიზნებენ.

    "ჩვენი კლუბისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება რაღაც განსაკუთრებულია, მაგრამ რამდენ კლუბს აქვს ჩემპიონთა ლიგა მხოლოდ ერთხელ მოგებული? ძალიან ბევრს.

    ბევრია ისეთი გუნდიც, რომელსაც ეს ტურნირი 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ ან 5-ჯერაც მოუგია. პრინციპში, ჩვენ განსაკუთრებული არაფერი გაგვიკეთებია. მხოლოდ 1 გათამაშება მოვიგეთ. სიამაყეს ის მძენს, რომ ეს ტიტული ჩვენი არსებობის ისტორიაში პირველი გახლდათ.

    ცხადია, ყველაზე რთული პირველი გამარჯვებაა.

    ფინალი "უემბლიზე" იქნება? ამაზე ჯერ არ ვფიქრობთ. ახლა მთავარი მომდევნო მატჩის მოგებაა. ფინალზე მაშინ უნდა დაიწყო ფიქრი, როცა მეოთხედფინალში ან ნახევარფინალში გახვალ. მოდი, ხვალ ვცადოთ იმ გუნდის დამარცხება, რომელიც ძალიან აგრესიულად უტევს," - თქვა გვარდიოლამ.

    "სიტისა" და "ცრვენა ზვეზდას" დაპირისპირება თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. ამ ჯგუფში ხვალ ერთმანეთს "ლაიფციგი" და "იანგ ბოიზიც" შეხვდებიან.

    Facebook კომენტარები