

"კრემონეზეს" 24 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი სერია ა-ს მე-20 ტურსაც გამოტოვებს. იტალიის ჩემპიონატის ბოლოადგილოსნებს მილანის "ინტერთან" დაპირისპირება ქართველი უკანახაზელის გარეშე მოუწევთ.
24 წლის ფეხბურთელის მდგომარეობაზე "კრემონეზეს" თავკაცმა დავიდე ბალარდინიმ მატჩისწინა პრესკონფერენციისას ისაუბრა.
"ლოჩოშვილს საზარდულზე კვლავ დისკომფორტი აქვს, ამიტომ ისევ გუნდისგან ცალკე ვარჯიშობს," - განაცხადა სპეციალისტმა, რომლის ხელმძღვანელობითაც ლუკას ჯერ კიდევ არ უთამაშია.
სერია ა-ში ახალგაზრდა მცველმა ბოლოს "ვერონას" წინააღმდეგ ითამაშა. შემდეგ "მონცასთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, "ნაპოლისთან" და "ბოლონიასთან" მატჩებს კი ტრავმის გამო დააკლდა.
ლოჩოშვილის მონაგარი 14 მატჩსა და 1 გოლს შეადგენს. "კრემონეზესა" და "ინტერის" მატჩი 28 იანვარს, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.