• 28-07-2023
    "პსჟ-ს" პედრის წაყვანა უნდა
    "პსჟ-ს" პედრის წაყვანა უნდა
    Author of the article
    Aa

    ფრანგულმა გამოცემებმა უსმან დემბელეს "პარი სენ ჟერმენში" ტრანსფერი დღეს ლამის გადაწყვეტილად გამოაცხადეს, რაც მალევე უარყვეს ესპანურ პრესაში. როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ გახლდათ, რადგან "პსჟ-ს" "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კიდევ ერთი ვარსკვლავი დაუკავშირეს.

    საქმე ეხება პედრი გონსალესს. პარიზულ კლუბთან დაკავშირებული ერთ-ერთი მედია-საშუალება ირწმუნება, რომ "ბარსას" რვიანის კონტრაქტში დროებითი გამოსასყიდი თანხის პუნქტია ჩადებული და ეს თანხა 110 მილიონ ევროს შეადგენს. სწორედ ამას ემყარება დედაქალაქელთა იმედები.

    ცხადია, არც ეს ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს. ადრია ალბეტსის თქმით, "ბარსელონადან" გამომავალი წყაროები ირწმუნებიან, რომ გონსალესის გამოსასყიდი თანხა მილიარდი ევროა.

    თუ Sport-ს დავუჯერებთ, ესპანელი ვარსკვლავის აგენტებს "პსჟ-დან" მართლაც დაუკავშირდნენ, მაგრამ პედრის მოლაპარაკებების დაწყებაზე არც კი უფიქრია.

    "პარკ დე პრენსზე" პედრისა და მბაპეს დუეტის შექმნაზე ოცნებობენ. დიდი ალბათობით, მათი ოცნება ოცნებადვე დარჩება.

    Mundo Deportivo წერს, რომ გონსალესს წარმატების მიღწევა მხოლოდ "ბლაუგრანაში" უნდა. მისი ტრანსფერის განხორციელება არც "პარი სენ ჟერმენის" ახალ თავკაცს, ლუის ენრიკეს მოუთხოვია. მართალია, ლუჩომ და პედრიმ ისაუბრეს, მაგრამ ეს მანამ მოხდა, სანამ გამოცდილი სპეციალისტი "პსჟ-ს" ჩაიბარებდა.

    Facebook კომენტარები