• 27-11-2023
    5 საუკეთესო მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში
    5 საუკეთესო მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში
    Author of the article
    Aa

    საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ჯერ 22 წლისაა და წინ საფეხბურთო კარიერის კიდევ ბევრი სეზონი ელოდება, თუმცა ახალგაზრდა გარემარბმა უკვე მოასწრო რამდენიმე ისეთი მატჩის ჩატარება, რომლებიც გულშემატკივართა მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება. დღევანდელ სტატიაში ჩვენ ამ მრავალ შეხვედრას შორის 5-ის გამორჩევას ვეცდებით.

    "ნაპოლი" 4:1 "ლივერპული" (07/09/2022)

    "დიეგო არმანდო მარადონაზე" ჩამოსული მერსესაიდელები "ნაპოლიმ" შინ გაწბილებული გაუშვა, ეს მატჩი კი ხვიჩასთვის დიდ საფეხბურთო სცენაზე დადგმულ პირველ შოუდ იქცა. მართალია, "პარტენოპეის" 77-ე ნომერი გატანილი გოლით ვერ გამოირჩა, თუმცა ჯოვანი სიმეონეს საგოლე გადაცემა გაუკეთა და ზამბო ანგისას გოლშიც შეიტანა თავისი წვლილი. ის საღამო განსაკუთრებით მწარედ ტრენტ ალექსანდრ-არნოლს დაამახსოვრდა - ქართველმა შემტევმა ინგლისელი ვიზავი პირწმინდად დაჩაგრა და უამრავი ეფექტური მომენტი შემოგვთავაზა. ფეხბურთის ქომაგთა დიდმა უმეტესობამ ხვიჩას შესახებ სწორედ ამ იტალიურ-ინგლისური დაპირისპირების შემდეგ შეიტყო.

    "ნაპოლი" 5:1 "იუვენტუსი" (13/01/2023)

    "ნაპოლისთვის" ისტორიული, 2022/2023 წლების სეზონის საუკეთესო მატჩი გუნდმა 2023 წლის 13 იანვარს, ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ ჩაატარა. ნეაპოლელთა რიგებში განსაკუთრებით შთამბეჭდავი გახლდათ KO-დ ცნობილი დუეტი - ვიქტორ ოსიმენმა 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა. აღსანიშნავია, რომ ოსიმენის ასისტი სწორედ ხვიჩაზე იყო მიმართული, კვარაცხელიამ კი ნიგერიელ ცენტრფორვარდს დუბლი პირადად შეასრულებინა. "ბებერი ქალბატონი" დღემდე რჩება ყველაზე დიდ გუნდად, რომლის კარშიც ხვიჩას გოლი აქვს გატანილი.

    "ნაპოლი" 2:0 "ატალანტა" (11/03/2023)

    სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო გოლი ხვიჩამ "ატალანტას" გაუტანა. ბერგამოელთა წინააღმდეგ გამართული მატჩის მე-60 წუთზე ხვიჩა მეტოქის საჯარიმოში, 8 მოწინააღმდეგის გარემოცვაში აღმოჩნდა, თუმცა ამას მისთვის "ლა დეას" კარის აღებაში ხელი არ შეუშლია. ეს გოლი კვარას მაგიის საუკეთესო გამოხატულება გახლდათ, რაც იტალიურმა პრესამაც ჯეროვნად დააფასა.

    "ნაპოლი" 4:1 "უდინეზე" (27/09/2023)

    მატჩი, რომელშიც 6-თვიან უგოლო სერიას ასრულებ, კვარაცხელიას კალიბრის ვარსკვლავისთვის ყოველთვის გამორჩეული იქნება. გოლი და საგოლე პასი ხვიჩას ერთ შეხვედრაში ადრეც გაუკეთებია, თუმცა ის წყურვილი და ვნება, რომლითაც მან "ზებრებთან" დაპირისპირებაში ითამაშა, ქომაგისთვის დაუვიწყარი რჩება. გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე კვარამ ბურთი ძელს მოარტყა, გაბრაზების ემოცია ყოველგვარი მორიდების გარეშე გამოხატა და მაშინ, როცა გულშემატკივარი უკვე მართლა იმაზე იწყებდა ფიქრს, წყევლასთან ხომ არ გვქონდა საქმე, ლამის ნახევარწლიანი ნავსი გატეხა. ეს "ნაპოლის" 77-ე ნომერის გაუტეხლობის კიდევ ერთი მაგალითი იყო.

    საქართველო 2:2 შოტლანდია (16/11/2023)

    ბრაზითა და რევანშის სურვილით ნათამაშები კიდევ ერთი მატჩი - შოტლანდიაში ნათამაშები წყალბურთი და გაცუდებული პენალტი კვარაცხელიას შესანიშნავად ახსოვდა და სქოთებისთვის სამაგიეროს გადახდა სურდა. მართალია, გუნდმა გამარჯვება ვერ მოიპოვა, თუმცა ნაკრების მთავარმა ვარსკვლავმა 3 ქულის თბილისში დასატოვებლად ყველაფერი გააკეთა. ხვიჩამ სანაკრებო დონეზე თავისთვის მეორე დუბლი მიითვალა და "დინამო არენას" ტრიბუნებს აპლოდისმენტები რამდენჯერმე მოსწყვიტა.


    ცხადია, ამ ხუთეულს მიღმა ისეთი მატჩებიც დარჩა, რომლებსაც ბევრი შეიძლება კვარაცხელიას კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მოიაზრებდეს - ესპანეთის ნაკრებთან 2021 წლის მარტის პერფომანსი, შვედეთის ნაკრებთან იმავე წლის ნოემბერში, "მონცას" წინააღმდეგ შესრულებული დუბლი "ნაპოლის" მაისურით ჩატარებულ პირველ საშინაო მატჩში, ამსტერდამის "აიაქსთან" შინ და გარეთ გატანილი გოლები... ხუთეულში რომელი აირჩევა, მეორეხარისხოვანია. მთავარი ახლა ის გახლავთ, რომ კვარაცხელიამ უმაღლეს დონეზე თამაში გააგრძელოს, რაც ამ ჩამონათვალში გაცილებით მეტი მატჩის მოხვედრის გარანტია იქნება.


    Facebook კომენტარები