"ბარსელონამ" "კამპ ნოუს" VIP ადგილებზე უფლებები გაყიდა და საჭირო დოკუმენტაცია ლა ლიგას გაუგზავნა, - იუწყება ჟურნალისტი მიგელ რიკო.
კატალონიურ გრანდში იმედოვნებენ, რომ ლა ლიგა ამ ოპერაციას დაადასტურებს, რითაც კლუბს დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის დარეგისტრირების საშუალება მიეცემა.
ასეთივე ცნობებს ავრცელებს Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, როხერ ტორელო. მისი თქმით, VIP ბოქსების გასხვისება თითქმის გადაწყვეტილია, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემოსავალი კი 100 მილიონი ევრო იქნება.
როგორც ჩანს, "ბარსას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა დანი ოლმოსთვის მიცემულ სიტყვას ასრულებს. "ჩვენ ამას მოვაგვარებთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს," - შეუთვლია ლაპორტას ესპანელი ნახევარმცველისთვის, თუ Diario AS-ს დავუჯერებთ.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობის წევრები, მათ შორის ლაპორტაც, მზად იყვნენ, რომ ვარსკვლავის რეგისტრაციისთვის საჭირო ფინანსური გარანტიები საკუთარი ჯიბიდან გაეღოთ, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს საჭირო არ გახდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში დანის მონაგარი 6 გოლი და 1 ასისტია.