შესაძლოა, საბა გოგლიჩიძის და საბა საზონოვის გარდა, 2025/26 წლების სეზონში იტალიის სერია A-ში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ვიხილოთ – დაჩი ლორთქიფანიძე, რომელიც სეზონისთვის ელიტაში დაბრუნებულ „კრემონეზესთან“ ერთად ემზადება და ამხანაგური შეხვედრები ჩაატარა.
გუნდმა სეზონისწინა მზადება აკუაგრანდეში, ოლიმპიურ საწვრთნელ ცენტრში „პრო პატრიასთან“ ამხანაგური მატჩით დაასრულა: დევიდე ლოკოლას გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე 3:0 დაამარცხა. დაჩი ლორთქიფანიძე მოედანზე „ინტერისა“ და „სამპდორიას“ ყოფილი თავდამსხმელის, ფედერიკო ბონაცოლის ნაცვლად 62-ე წუთზე გამოჩნდა.
ეს 20 წლის ქართველი ნახევარმცველისთვის პირველი ტესტმატჩი არ იყო. 26 ივლისს „ტორინოს“ წინააღმდეგ 20 წუთი ათამაშეს. ცნობილი სპორტული ვებგვერდის, flashscore-ს მონაცემებში კი ლორთქიფანიძე „კრემონეზეს“ სეზონის შემადგენლობაშია. თბილისში დაბადებული ფეხბურთელი, დიდი ხანია, იტალიაში იზრდება და ბოლო ორი წელია, „კრემონეზეს“ პრიმავერას (დუბლშემადგენლობა) გუნდს კაპიტნობს.
„კრემონეზემ“ „პრო პატრიასთან“ მატჩით შეკრება დაასრულა და კრემონაში დაბრუნდა, ვარჯიშს გუნდი ოთხშაბათს, 6 აგვისტოს, შუადღისთვის განაახლებს. კრემონელები 16 აგვისტოს „კოპა იტალიაზე“ „პალერმოს“ შინ შეხვდებიან, ხოლო სერია A-ს სეზონს 23 აგვისტოს „მილანთან“ „სან სიროზე“ მატჩით გახსნიან.
დაჩი ლორთქიფნაძე „მილანთან“ მატჩის განაცხადშიც მოხვდა 2025/2026 წლის სეზონის პირველ ტურში.