საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა France Football-თან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიასთან საუბარი გაიხსენა:
"ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას დაველაპარაკე. ის ცოტა დათრგუნული იყო, მოვიდა და მითხრა: "მწვრთნელო, თუ გინდათ სათადარიგოთა სკამზე დამსვათ, ამას გაგებით შევხვდები, ვინაიდან კარგ მდგომარეობაში არ ვარ". ვკითხე: "რატომ, შენ ხომ "ნაპოლიში" მთელი სეზონი კარგად ჩაატარე?" მიპასუხა: "თავს თავისუფლად ვგრძნობდი, ახლა კი თითქოს ზურგზე ტვირთი მაწევს".
"კვარა" საქართველოში იგივეა, რაც ზიდანი საფრანგეთში, თუმცა ათასჯერ უფრო მეტი. სახელმწიფოს მეთაურზე მნიშვნელოვანია. როგორც კი გამოჩნდა, რიბერის შევადარე, რამეთუ ფეთქებადი მოქმედების, სპონტანურობის და ინსტიქტების გამო თამაშისას მისი შეჩერება ძნელია".
"ჯვაროსნების" თავკაცის თქმით, პორტუგალიასთან შეხვედრის შემდეგ გასახდელში მიხვდა, რომ ტურნირზე ბოლო გამარჯვება მოიპოვეს, რადგან ფეხბურთელები გადაღლილები იყვნენ, ამჟამად ქვეყანაში ეროვნული გუნდის მიმართ ოპტიმისტური განწყობაა, საქართველოში კი რესტორანში ვერ შედის, ვინაიდან ფულს არ ახდევინებენ.