ალბანეთის ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონი უკრაინასთან გამარჯვებით გახსნა. მატჩის შემდეგ "შავ-წითლების" მთავარმა მწვრთნელმა, სილვინიომ, თავისი გუნდის მომავალი მეტოქის, საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებაც ისაუბრა.
"კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ უკრაინისა და საქართველოს ძალიან ბევრი მატჩი ვნახეთ. ჯგუფი მძიმეა და ჩეხეთიც კარგი ნაკრებია.
სამშაბათს ძალიან რთული, ფიზიკურად ძლიერი და ორგანიზებული მეტოქე გვყავს. გარდა ფიზიკური სიძლიერისა, საქართველოს ნაკრები გამოირჩევა ტექნიკური ფეხბურთელებითაც, რომლებიც ბევრს დარბიან, უტევენ და თავს იცავენ. ჰყავთ ძალიან კარგი მწვრთნელი და ბრწყინვალე მოთამაშეები.
ჩეხეთთან საქართველოს მატჩი ჯერ არ გვინახავს, რადგან აქ ვიყავით, თუმცა სამშაბათს რომ მძიმე თამაში იქნება, ამაში ეჭვი არ გვეპარება," - განაცხადა ბრაზილიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებებს 3-3 ქულა აქვთ და პირველობას იყოფენ. "ჯვაროსნების" გატანილ-გაშვებული გოლების სხვაობა +3-ია, ხოლო ალბანელებისა - +1.
ცნობისთვის, მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.