სანაკრებო მატჩები კარს მოგვადგა და საქართველოს პრობლემები უფრო და უფრო ემატება.
დიდი ხანია ვიცით, რომ გიორგი ჩაკვეტაძე სექტემბერში ვერ დაგვეხმარება, ამას კი კიდევ უფრო ცუდი ამბავი დაემატა.
ნახევარდაცვას ვერც ოთარ კიტეიშვილი გაამაგრებს. კიტე გრაცერთან მატჩში დაშავდა და ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა.
ცენტრის 3 სასტარტოს კაციდან 2 ვერ ითამაშებს. დარჩა მხოლოდ გიორგი ქოჩორაშვილი, რომელსაც სხვები უნდა გაუწყვილდნენ.
ვილი სანიოლს გამოძახებული შემდეგი ნახევარმცველები ჰყავს:
ანრი მექვაბიშვილი, ნიკა გაგნიძე, ნოდარ ლომინაძე და ვლადიმერ მამუშაჩვილი.
ამ მოთამაშეებიდან ლომინაძე დებიუტანტია, გაგნიძეს წინა 2 ამხანაგურ მატჩი აქვს ნათამაშები, მამუჩაშვილი კი ძირითადად თადარიგის ფეხბურთელად განიხილება ხოლმე.
რაც შეეხება მექვაბიშვილს, მას ნაკრებში თამაშის გამოცდილება ნამდვილად აქვს. ანრიმ ევრო 2024-ზეც ითამაშა და თავი ცუდად ნამდვილად არ წარმოუჩენია.
სავარაუდოდ ის ქოჩორაშვილთან ერთად ძირითადში იქნება.
სანიოლმა შესაძლოა 2 ნახევარმცველითაც კი ითამაშოს და ფეხბურთელები ფლანგებიდან დაახმაროს. მაგალითად 4-4-2, ან შეტევისას 3-4-3, დაცვისას კი 5-3-2 და ერთ-ერთი შემტევი ცენტრს მიეხმაროს, როგორც ამას ჩაკვეტაძე აკეთებდა. შესაძლოა ეს როლი ხვიჩა კვარაცხელიამ ან ზურიკო დავითაშვილმა შეითავსოს.
ჩვენს ნაკრებს 3 მცველით თამაშის გამოცდილება ნამდვილად აქვს, თუმცა სანიოლს 4 მცველზე თამაში დიდი ხანია სურს.
ვილიმ ამხანაგური მატჩების შემდეგ აღნიშნა, რომ გაგნიძე ბევრს დარბის და შესაძლოა ფრანგი სპეციალისტი მასაც ენდოს.
მას ორი ვარიანტი აქვს: ან ნაცად ხერხს მიმართოს და ცენტრს რომელიმე შემტევი მიახმაროს, ან პირდაპირ 4 მცველითა და 3 ნახევარმცველით გამოვიდეთ და შედარებით გამოუცდელ მოთამაშეს ენდოს.
ყევალფერს დრო გვიჩვენებს და იმედია ორივე მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება.