• 22-06-2022
    ქართული რაგბის მომავალი- ინტერვიუ გურამ პაპიძესთან
    ქართული რაგბის მომავალი- ინტერვიუ გურამ პაპიძესთან

    ქართულ რაგბს უამრავი გამორჩეული, ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავს, რომელთა მხრებზე სპორტის ამ სახეობის მომავალი დგას. მათგან ერთ- ერთი 25 წლის პირველხაზელი, გურამ პაპიძეა. მან ფრანგული კარიერა 2016 წელს, "ლიონში,“ მეორე დივიზიონში დაიწყო. დღეს კი ტოპ 14-ის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა. Footballnews.ge მას გაესაუბრა და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.


    -საიდან დაიწყო შენი რაგბისადმი სიყვარული, პირველი ნაბიჯები ამ სპორტში.


    - სიმართლე რომ ვთქვა, რაგბისადმი სიყვარული ესე ადრეული ასაკიდან არ მქონია, ვთამაშობდი წყალბურთს. ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ბედი რაგბშიც მეცადა. მაშინ ჩემი მეგობრები თამაშობდნენ ერთ-ერთ ადგილობრივ კლუბში, ჯვაროსნებში. მაშინ 15-16 წლის ვიქნებოდი. მათ ერთ ვარჯიშს დავესწარი და იმ მომენტიდან ეს სპორტი გულში ჩამივარდა, ამის მერე უკვე სარაგბო კარიერა დავიწყე.


    - აი, რომ გაიხსენო შენი პირველი საერთაშორისო გამოცდილება, რა განცდებთან და ემოციებთან იყო დაკავშირებული?


    - საერთაშორისო ასპარეზზე ჩემი პირველი გამოცდილება საქართველოს 18 წლამდელთა სარაგბო ნაკრებს უკავშირდება, გავხდით ევროპის ვიცე ჩემპიონები. ეს წლები კარგად მახსენდება, რადგან პირველი გამარჯვებები იყო ისეთი დიდი გუნდების წინააღდეგ, როგორებიც იყვნენ ირლანდია, იტალია. სამწუხაროდ, ფინალში საფრანგეთთან დავმარცხდით, მაგრამ იმ დროისათვის ვიცე ჩემპინობაც ბევრს ნიშნავდა, მითუმეტეს, როცა ჩვენ უკან ისეთი დიდი ქვეყნები დარჩნენ, მაგალითად უელსი და შოტლანდია.


    - რას იტყოდი შენ პირველ ევროპულ კლუბზე, როგორი სიტუაცია დაგხვდა და რა განსხვავება იყო საქართველოსთან შედარებით ?


    - პროფესიულ დონეზე, ჩემი პირველი საერთაშორისო კლუბი "ლიონი" იყო. 19 წლის ასაკში ჩავედი. პირველი შეხვედრა ჩელენჯ ქაფის ტურნირზე გავმართე "კარდიფ ბლუსთან."  სიმართლე, რომ ვთქვა რთული შეხვედრა იყო, მითუმეტეს 19 წლის ასაკში, ასეთ რთულ პოზიციაზე და მაღალ დონეზე. ერთ-ერთმა მოთამაშემ დაზიანება მიიღო და დაახლოებით 70 წუთის თამაში მომიწია. ძალიან დიდი განსხვავებები შევამჩნიე, თუნდაც სიჩქარებში, აგრესიასა და ძალაში.  ეს სპორტი სულ სხვა თვალით დავინახე.


    - რა თვალსაზრისით შეადარებდი "ლიონსა" და "ლა როშელს," სადაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ასპარეზობდი?


    - განსხვავება დიდი იყო, რა თქმა უნდა, რადგან "ლგიონში" რომ ჩავედი, პატარა ვიყავი და გამოცდილება არ მქონდა. მითუმეტეს ჩემ პოზიციაზე, რაც უფრო ასაკში შედიხარ და ღვინდები, გამოცდილება გემატება, უფრო და უფრო უკეთესი ხდები.  ლიონმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა, იქ გატარებულ წლებს არ ვნანობ, პირიქით. უდიდესი გამოცდილება მომცა. "ლა როშელში" რომ გადავედი, უკვე მქონდა გარკვეული გამოცდილება დაგროვებული, ასაკითაც მოზრდილი ვიყავი. სულ სხვა გამოწვევის წინაშე დავდექი, რადგან ეს გუნდი ყოველთვის იბრძვის ჩემპიონობისთვის და დიდი მიზნები აქვს. განსხვავებული იყო იმ კლუბებისგან, რომლებშიც მანამდე მითამაშია. განვითარებას რაც შეეხება, "ლა როშელმა" უამრავი რამ მასწავლა. ტოპ 14-ის გუნდში ვადაპტირდი და საკმაოდ კმაყოფილი ვარ.


    - ყველაზე დიდ სირთულეს შენთვის რა წარმოადგენდა ამ პროცესში ?


    - ყველაზე დიდ სირთულეს პრო დე 2-დან ტოპ 14-ში ასვლა იყო, რადგან დიდი განსხვავებაა. თუმცაღა პრო დე 2შიც საკმაოდ დიდი მოთამაშეები ასპარეზობდნენ, მაგრამ სიჩქარეების თვალსაზრისით უფრო განვითარებულია, ბურთი საერთოდ არ ჩერდება. სულ სხვანაირი ფიზ. მომზადება გჭირდება ადგილის დასამკვიდრებლად. კიდევ ერთი დიდი სირთულე ის იყო, რომ ლა როშელში ჩემ პოზიციაზე ისეთი მოთამაშეები იყვნენ როგორიც ვილი ანტონიო და რამირო ჰერერა, არგენტინის ნაკრების გამორჩეული მოთამაშე. ასეთი კონკურენციის პირობებში მოხარული ვარ, რომ 19 მატჩის ჩატარება მოვახერხე.


    - როგორც ვიცით, სეზონს ახალ კლუბში დაიწყებ, რა მოლოდინები გაქვს ?


    - მოგეხსენებათ გადავედი "პო"- ში. რა თქმა უნდა, ახალ გუნდში ახალი ამბიციები მაქვს. ისიც ტოპ 14ში ასპარეზობს. "ლა როშელთან" შედარებით ჯერ ჯერობით ისეთი ტიტულოვანი და ამბიციური არ არის, მაგრამ ახალგაზრდა მოთამაშეებითაა დაკომლლექტებული და ეს ჩემთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს და უკვე მაქვს იმის ამბიცია, რომ კლუბის სტაბილურ წევრად ჩამოვყალიბდე.


    - ახლა ეროვნულ ნაკრებზე რომ ვისაუბროთ. უკვე მეორედ გამოგიძახეს, მოგიწევს ასეთი დიდი მეტოქეების წინააღმდეგ თამაში, რა მოლოდინები გაქვს?


    - ყველა მოთამაშისთვის დიდ ბედნიერებას წარმოადგენს შესაძლებლობა, რომ თავისი ეროვნული ქვეყნის სახელით ითამაშოს. ყველა აზალგაზრდულ ნაკრებში ვითამაშე და მქონდა სურვილი, რომ დიდ ნაკრებშიც მეთამაშა. თებერვალში გამოძახებული ვიყავი, ბიჭებთან ერთად ვარჯიშები ჩავატარე, ადაპტაციაც გავიარე, თუმცა ტრავმის გამო მატჩებში მონაწილეობა ვერ მივიღე. ზაფხულის ტესტებს სრული მზადყოფნით ვხვდები და დიდი იმედი მაქვს, რომ თამაში მომიწევს და შევძლებ საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას.


    - პირადად შენთვის რომელია ის ერთი გამორჩეული მოთამაშე, რომელიც შენთვის მისაბაძია?


    - ყველა მოთამაშეს ვაკვირდები, ყველას თავისი პლუსები გააჩნია და ვცდილობ ამ დადებითი თვისებებიდან რაღაცების სწავლას. მისაბაძი მაინც დავით ზირაქაშვილი იქნებოდა თავისი კარიერისა ზოგადად, სპორტსმენებობის გამო. ითამაშო 14 წელი ამ დონეზე სტაბილურად საკმაოდ რთულია და მან ეს შეძლო.


    - რა მოლოდინები გაქვს 11-ში იტალიის ნაკრებისგან და რა შანსები ექნება ჩვენ გუნდს მათთან ?


    -შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო წლების მანძილზე ეს ის იტალიის ნაკრებია, რომელმაც საკუთარი თავის წარმოჩენა შეძლო, საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, ამას ისიც მოწმობს, რომ 6 ერის ჩემპიონატზე უელსი დაამარცხეს. თუმცაღა ჩვენ არანაკლები ბიჭები გვყავს და მაქსიმალურად შევეცდებით,გამარჯვება მოვიპოვოთ.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები