• 02-03-2024
    “ყველაფერს გავაკეთებ ფორმის პიკში შესასვლელად” - ინტერვიუ გიგი ბაიდარაშვილთან
    “ყველაფერს გავაკეთებ ფორმის პიკში შესასვლელად” - ინტერვიუ გიგი ბაიდარაშვილთან

    ახალგაზრდა ქართველი მოთამაშე, გიგი ბაიდარაშვილი უკვე 2 წელია, რაც პოლონეთში მოღვაწეობს. ახალგაზრდა მოთამაშე თავდაპირველად ნასიელსკში საკმაოდ კარგ გარემოში ადაპტირდა ახალ გამოწვევებთან, ამჯერად 23 წლის ფეხბურთელმა ლეხიას მაისური მოირგო.

    გიგის ახალ გუნდში საკმაოდ კარგი გარემო დახვდა, მთავარი მწვრთნელი პოლონეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე გახლავთ. მისი გამოცდილება ახალგაზრდა ფეხბურთელს დიდი მოტივაციას აძლევს.

    ბაიდარაშვილს ახალ გუნდში საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელებიც დახვდნენ, ტოპ კლასის მოთამაშეებთან თამაშის გამოცდილებით, მაგალითად მის 3 თანაგუნდელს გჟეგოგ კრიხოვიაკთან თამაშის გამოცდილებაც კი აქვთ.

    გიგის სპორტულ კარიერაში სამწუხაროდ მუდმივად აწუხებს ტრავმები, აქედან გამომდინარე 2022 წელს აზერბაიჯანის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდში, კაპაზში მისი ტრანსფერი კუნთის დაზიანების გამო ჩაიშალა. მიუხედავად ამისა, გიგი ბაიდარაშვილი დანებებას არ აპირებს და სურს, რომ თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს.


    Footballnews-მა გიგისთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:

    – როგორ ფორმაში იმყოფები და როგორ გრძნობ თავს?

    – ნელ-ნელა შევდივარ ფორმაში. მოგეხსენებათ ამისთვის საჭიროა ვარჯიში და თამაში. შესაბამისად, ყველაფერი მაქვს ამისთვის და მეც ვაკეთებ ყველაფერს, რომ შევიდე ჩემი ფორმის პიკში.

    – ახალ გუნდში გადახვედი, როგორი გარემო დაგვხვდა და რა იქნება შენი მიზანი?

    – შესანიშნავი და კარგად დაკომპლექტებული გუნდია. არიან როგორც გამოცდილი ფეხბურთელები, ასევე ახალგაზრდა აკადეემიდან დაწინაურებული მოტივირებული ბიჭები, ჩემი მიზანია გავიტანო ბევრი გოლი და წარმატება მოვუტანო ჩემს გუნდს. ეს რა თქმა უნდა ჩემზეც კარგად აისახება.

    – მთავარ მწვრთნელს და თამაგუნდელებს როგორ დაახასიათებდი?

    – მთავარი მწვრთნელი არის პაველ სიბიკი ყოფილი პოლონეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი. მან ითამაშა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ის პირველ რიგში ძალიან კარგი ადამიანია და შემდეგ თავისი საქმის პროფესიონალი, როგორც მწვრთნელი. გუნდში არის დისციპლინა და ვფიქრობ, რომ ეს მისი დამსახურებაა. ყველა ფეხბურთელი პატივს სცემს ერთმანეთს, აქ ასევე თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც თავის დროზე უთამაშიათ ასაკობრივ ნაკრებებში, ექსტრა კლასის გუნდებში და ერთ-ერთს პოლონეთის თასიც აქვს მოგებული, მინდა გამოვარჩიო ორი ადამიანი ამ გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც მუდამ ჩემს გვერდით არიან. იაროსლავ კრესა და ლუკას კრესა, ესენი არიან მამა-შვილი, რომლებიც მუდამ ჩემს გვერდით არიან ყველანაირ საკითხში და დიდი მადლობა მათ.

    – საკმაოდ ხშირად გაწუხებს ტრავმები, ამის შესახებ რომ გვესაუბრო?

    – ბოლო პერიოდში ჩემს კარიერაში იყო ის მომენტები, როდესაც შეიძლებოდა წინ წასულიყო ყველაფერი, მაგრამ ტრამვებმა შემიშალა ხელი, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და მთავარი ეს არის წინსვლას განვაგრძობ და ვეცდები ყველაფერს, რომ მაღალ საფეხურებზე ავიდე.

    – რამდენად ახლოს იყავი კაპაზში გადასვლასთან?

    2022 წლის მაისის თვის დასაწყისში მაშინდელმა ჩემმა აგენტმა მაცნობა, რომ ჩემი დამატება სურდა ახლად უმაღლეს ლიგაში დაწინაურებულ კაპაზს და ისინი 7 ივნისს ბაქოში შეკრებაზე მელოდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ 22 მაისს კუნთი გავიწყვიტე და ეს ტრანსფერი არ შედგა.

    – როგორ მოგწონს პოლონური ფეხბურთი?

    – პოლონური ფეხბურთი გამოირჩევა თავის მაღალი ტემპით და ძალისმიერი თამაშით. ტექნიკურ ფეხბურთელებს აქვთ საშუალება თავი გამოიჩინონ თავიანთი შესაძლებლობებით და რაც შეეხება პირობებს და ინფრასტრუქტურას, ყველაფერი მაღალ დონეზე არის, ყველა გუნდს აქვს თავისი ბაზა, მოედნები, როგორც ბუნებრივი, ასევე ზამთარში სავარჯიშო ხელოვნურ საფარიანი დახურული მანეჟები.

    – ახლა შენი მთავარი მიზანი რა იქნება?

    – ჩემი მთავარი მიზანია შევიდე ჩემი ფორმის პიკში, ჩავატარო კარგი სეზონი, გავიტანო გოლები და დავეხმარო გუნდს დასახული მიზნის მიღწევაში.

    – რა მოტივაცია გამოძრავებს?

    – ჩემი მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახია და ყველა ის ადამიანი ვისაც ჩემი ჯერა და გვერდით მიდგას.

    Facebook კომენტარები