• 26-06-2023
    რამაზ სვანაძე: “ჩვენი მიზანია, რომ ყველაფერი ლოგიკურად დავამთავროთ”
    რამაზ სვანაძე: “ჩვენი მიზანია, რომ ყველაფერი ლოგიკურად დავამთავროთ”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 27 ივნისს ნიდერლანდებს დაუპირისპირება.

    შეხვედრის წინ, რამაზ სვანაძემ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

    “რთულ თამაშს ველოდებით. ერთი, მაგრამ ყველაზე რთული ნაბიჯი დაგვრჩა იმ ოცნების, მიზნის მისაღწევად, რასაც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაში ჰქვია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ.

    ფსიქოლოგიური მდგომარეობის მხრივ ყველაფერი რიგზეა. ამ ურთულეს ჯგუფში ნებისმიერი თამაში ფინალის ტოლფასია. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ხშირად გვეკითხებოდნენ, თუ რა იყო ჩვენი გუნდის მიზანი, რაზეც ვამბობდით, რომ ეს თითოეულ თამაშზე სწორი შემართებით გასვლა იყო. რეალურად, ძალიან რთულია ამ ჯგუფში, ასეთი დონის მეტოქეებთან წინასწარ დაგეგმო ქულები. თუმცა, დღეს აქ ვართ და ორი ტურის შემდეგ ჯგუფს ვლიდერობთ. ამიტომ, ჩვენი სურვილია, ლოგიკურად დავასრულოთ ის ყველაფერი, რაც ჩვენი თამაშით დავიმსახურეთ.

    ნიკა გაგნიძე სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა და საოპერაციო არ არის, თუმცა დაახლოებით ერთთვიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოედანზე ვერ დაგვეხმარება, ის ჩვენთან ერთად რჩება. ნიკა ამ ნაკრების გულია, როგორც მოედანზე, მის ფარგლებს გარეთ. მან ძალიან სარფიან კონტრაქტზე თქვა უარი, რადგან არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა და დაბრუნდა მშობლიურ კლუბში, რათა ევროპის ჩემპიონატისთვის ფორმაში ყოფილიო. ტრავმირებული მინდვრის მოთამაშის ჩანაცვლება, რეგულაციებიდან გამომდინარე, შეუძლებელია. ასე რომ, დავრჩებით იმ შემადგენლობით, რომელიც დღეს გვყავს.

    გულშემატკივარს უდიდესი როლი აქვს და ეს არ არსი გადაჭარბებული სიტყვები. მოედანზე გასვლისას ნებისმიერი სახის დაღლილობა იხსნება და მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ეს ხალხი არ გავაწბილოთ. ამიტომ, ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის”. - განაცხადა სვანაძემ.

    Facebook კომენტარები