• 25-02-2024
    "არასდროს დავნებდებდით" - კეინი "ლაიფციგთან" მატჩის შემდეგ
    "არასდროს დავნებდებდით" - კეინი "ლაიფციგთან" მატჩის შემდეგ
    Author of the article
    Aa

    მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ბუნდესლიგაში ქულების ზედიზედ მესამე მატჩში დაკარგვასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ჰარი კეინმა "რედ ბულ ლაიფციგთან" შეხვედრის 91-ე წუთზე დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

    ინგლისელი ცენტრფორვარდი მოგებული მატჩისა და სამომავლო მიზნების შესახებ ბუნდესლიგის ოფიციალურ არხს გაესაუბრა.

    "ვფიქრობ, დღეს კარგი მატჩი ჩავატარეთ. ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელმაც უფრო რეალური შანსები შექმნა. პირველ ტაიმში ალბათ რამდენიმე გოლი უნდა გაგვეტანა. მეტოქე საკმაოდ ძლიერი იყო. რა თქმა უნდა, წინა კვირის შემდეგ რეაქცია უნდა გვქონოდა. სასიამოვნოა, როცა დუბლს ასრულებ და შენს გუნდს მოგებაში ეხმარები.

    ტუხელის წასვლა? კლუბმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ, ფეხბურთელებმა, შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ. ყველაფერი უნდა გავიღოთ რათა ამ სეზონში წარმატებას მივაღწიოთ. ვიცით, რომ ბოლო მატჩებში კარგად არ გვითამაშია. ამას მხოლოდ ლაპარაკი არ შველის. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და დღეს ეს გავაკეთეთ.

    ჩვენ არასდროს დავნებდებდით. "ლევერკუზენი" წნეხში უნდა გვყავდეს. წინ კიდევ ბევრი ტურია," - თქვა კეინმა.

    შეგახსენებთ, რომ სატურნირო ცხრილის ლიდერ "ლევერკუზენს" მიუნხენელები 8 ქულით ჩამორჩებიან. მომდევნო მატჩი მათ პირველ მარტს, "ფრაიბურგის" წინააღმდეგ ელოდებათ.

    რაც შეეხება კეინს, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ინგლისელს უკვე 27 გოლი აქვს გატანილი და რობერტ ლევანდოვსკის რეკორდის (41 გოლი) დამხობისკენ მიიწევს.

    Facebook კომენტარები