• 24-07-2023
    "სიტი" როდრიგო რიკელმეთი დაინტერესდა
    "სიტი" როდრიგო რიკელმეთი დაინტერესდა
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ სიტის" რადარზე მადრიდის "ატლეტიკოს" 23 წლის გარემარბი როდრიგო რიკელმე გამოჩნდა.

    რიკელმე, რომელიც ბოლო 3 წელი სხვა გუნდებში განათხოვრებულმა გაატარა, ან "როხიბლანკოს" პირველ გუნდში დარჩება, ან გაიყიდება. Diario AS-ს თუ დავუჯერებთ, მას იჯარის წესით კიდევ ერთხელ წასვლა აღარ მოუწევს.

    ესპანელ შემტევს მსურველები ჰყავს როგორც ესპანეთში, ასევე მის საზღვრებს მიღმა. 

    განსაკუთრებით დაინტერესებული ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ჩანს. "სიტიზენები" რიად მაჰრეზს საუდის არაბეთში უშვებენ, მისი შემცვლელის ძებნას კი ახლა იწყებენ. როგორც ჩანს, როდრიგო ალჟირელის ჩანაცვლების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება.

    "ქალაქელთა" პოზიციებს აძლიერებს ისიც, რომ როდრიგომ გასული სეზონი "ჟირონაში" გაატარა, "ჟირონა" კი "სიტისთან" "დამეგობრებული" კლუბია. როდრიგოს შესახებ მანჩესტერელებს ყველა საჭირო ინფორმაცია მიეწოდებათ.

    AS-ის თქმით, "სიტი" საჭირო თანხის გადახდისთვის მზადაა, თუმცა ის, თუ რამდენ მილიონ ევროდ აფასებს "ატლეტიკო" ახალგაზრდა ფეხბურთელს, არ სახელდება.

    როდრიგოსადმი ინტერესს გამოხატავს ანდალუსიური "ბეტისიც".

    რიკელმე დიეგო სიმეონემ იაპონურ ტურნეზე იახლა, რაც გვაფიქრებინებს, რომ დიდი შანსია, "ატლეტიკომ" ის შეინარჩუნოს.

    გასულ სეზონში ჩატარებულ 35 მატჩში როდრიგომ თავი 5 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები