• 21-02-2024
    სიმეონე: "ატლეტიკომ" ითამაშა ისე, როგორც უნდოდა"
    სიმეონე: "ატლეტიკომ" ითამაშა ისე, როგორც უნდოდა"
    Author of the article
    Aa

    მადრიდის "ატლეტიკო" "ჯუზეპე მეაცადან" სასურველი ფრის წაღებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მარკო არნაუტოვიჩის გოლმა ესპანელები გაწბილებული დატოვა.

    მიუხედავად მარცხისა, "როხიბლანკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე საპასუხო მატჩისთვის იმედიანადაა განწყობილი.

    "ვფიქრობ, ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა. მისაღებ შედეგთან ძალიან ახლოს მივედით, მაგრამ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით, მათ კი ის იდეალურად გამოიყენეს.

    მეტოქე ასევე ეფექტურად იყენებდა იმ ეპიზოდებს, როცა ბურთს ნახევარდაცვაში ვკარგავდით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თამაში ჩვენთვის სასურველი სცენარით მიდიოდა, მათ შეტევებს ვანეიტრალებდით და რამდენიმე საგოლე მომენტიც გვქონდა.

    მშვიდად ვართ. ვნახოთ, რა მოხდება განმეორებით მატჩში. მნიშვნელოვანია, რომ პასები გავაუმჯობესოთ და ბურთი იმ ზონაში აღარ დავკარგოთ ხოლმე, საიდანაც მათ კონტრიერიშის დაწყებით ჩვენთვის ზიანის მოყენება შეეძლებათ. ამ ორმატჩიანი დუელის შემოტრიალება შეგვიძლია.

    სიმონე ინძაგი ძალიან კარგი ადამიანია და ბედნიერი ვარ იმ ყველაფერი კარგის გამო, რაც მის თავს ხდება, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ სიტუაციის შემობრუნება შეგვიძლია! ახლა "ალმერიაზე" უნდა ვიფიქროთ. საპასუხო შეხვედრამდე კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გვექნება," - თქვა "ჩოლომ".

    შეგახსენებთ, რომ არნაუტოვიჩის მიერ იან ობლაკის კარში გატანილი გოლი გუშინდელ შეხვედრაში ერთადერთი გამოდგა. "ატლეტიკოსა" და "ინტერის" მომდევნო ჯახს 13 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათიდან ვიხილავთ.


    Facebook კომენტარები