• 21-02-2024
    ტუხელმა ყველაფერი წინასწარ იცოდა - თომასი "ბარსას" ქომაგია
    ტუხელმა ყველაფერი წინასწარ იცოდა - თომასი "ბარსას" ქომაგია
    Author of the article
    Aa

    თომას ტუხელი "ბარსელონას" დიდი ქომაგია, - ირწმუნება Sky Sport Germany-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი.

    წყაროს თანახმად, გერმანელი სპეციალისტი უკვე წლებია, რაც "ბლაუგრანას" დნმ-ის შესწავლითაა დაკავებული. იგი აღფრთოვანებულია კლუბის საფეხბურთო აკადემიითაც.

    პლეტენბერგი წერს, რომ ტუხელი "ბარსას" სიამოვნებით ჩაიბარებდა. იგი იმყოფება გუნდის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატთა სიაშიც.

    მიუნხენის "ბაიერნმა" დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ 50 წლის თომასი ბავარიელებს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. მაშასადამე, ზაფხულში მან ახალი სამუშაო ადგილი უნდა მოძებნოს. გერმანელით დაინტერესებულნი არიან სხვა კლუბებიც.

    Mundo Deportivo-ს ჟურნალისტ ფერნანდო პოლოს თუ დავუჯერებთ, ტუხელმა იცოდა, რომ "ბაიერნში" დიდი დრო არ ჰქონდა დარჩენილი და ამიტომაც შესთავაზა "ბარსას" საკუთარი თავი რამდენიმე კვირის წინ. SPORT-ის კორესპოდენტ ტონი ხუანმარტის თქმით, გამოცდილ სპეციალისტს ესპანეთში მუშაობის დიდი სურვილი აქვს.

    ასეა თუ ისე, ტუხელმა სეზონი ჯერ "ბაიერნში" უნდა ჩაამთავროს. გამოწვევები მას მრავლად ელოდება, რადგან ბუნდესლიგის ლიდერ "ლევერკუზენს" მიუნხენელები 8 ქულით ჩამორჩებიან, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩი კი წაგებული აქვთ (0:1 "ლაციოსთან").

    Facebook კომენტარები