• 14-03-2024
    ბენ უაითმა ინგლისის ნაკრებში გამოძახება არ ისურვა
    ბენ უაითმა ინგლისის ნაკრებში გამოძახება არ ისურვა
    Author of the article
    Aa

    დღეს დასახელდა ინგლისის ნაკრების განაცხადი მარტში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის. განაცხადს მიღმა დარჩა ლონდონის "არსენალის" 26 წლის ფლანგელი, ბენ უაითი, რომლის არყოფნაზეც "სამი ლომის" თავკაცს, გარეთ საუთგეიტსაც დაუსვეს შეკითხვა.

    საუთგეიტის პასუხიდან ირკვევა, რომ "მეთოფეთა" სასტარტო შემადგენლობის უცვლელმა წევრმა ეროვნულ გუნდში ყოფნა თავად არ ისურვა.

    "დიახ, ეს ნამდვილად არის შეკითხვა, რომელიც უნდა დასვათ, რადგან იმ ფორმიდან გამომდინარე, რომელშიც ბენი იმყოფება, აქ ვერ ვიჯდები და ვერ ვიტყვი, რომ იგი ნაკრების წევრობას არ იმსახურებს.

    ჯონ მაკდერმოტს (ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის დირექტორს) გასულ კვირას ედუმ ("არსენალის" სპორტული დირექტორი) დაურეკა და უთხრა, რომ ბენს ახლა ნაკრებში გამოძახება არ უნდოდა.

    ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა. ბენი ძალიან მომწონს. როცა იგი "ბრაიტონში" თამაშობდა, ევროპის ჩემპიონატზე წავიყვანეთ, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადშიც მოხვდა.

    უიათს კატარის მუნდიალის შემდეგ ვესაუბრე, რადგან მისი ნაკრებში ყოლა მინდოდა, თუმცა აშკარა თავშეკავებულობა შევატყვე. ამის მიზეზი არ ვიცი, თუმცა ბენის აზრს პატივი უნდა ვცეთ," - თქვა საუთგეიტმა.

    შეგახსენებთ, რომ უაითი ინგლისის ნაკრებში ბოლოს სწორედ კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე იყო გამოძახებული. ტურნირიდან იგი ნაადრევად, პირადი მიზეზების გამო დაბრუნდა. მოგვიანებით გავრცელდა ხმა, რომ "არსენალის" ფეხბურთელს ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრთან, სტივ ჰოლანდთან ჰქონდა კონფლიქტი.

    რაც შეეხება მარტის თამაშებს, 23 მარტს ინგლისელები ბრაზილიის ნაკრებს შეხვდებიან, 26 მარტს კი ბელგიის ეროვნულ გუნდთან მოსინჯავენ ძალებს.

    Facebook კომენტარები