დაიჩი კამადას "მილანში" ტრანსფერი თითქმის ჩაშლილია, რითაც სარგებლობას სხვა იტალიური კლუბები აპირებენ. უკვე დაიწერა მილანის "ინტერის" ინტერესზე, დღეს კი საქმეში "რომას" ჩართვაზე იუწყებიან.
Calciomercato-ს ინფორმაციით, "ჯალაროსისთვის" იაპონელი ფეხბურთელი საკმაოდ მომხიბვლელი ვარიანტია, რადგან კლუბის შეზღუდული სატრანსფერო ბიუჯეტიდან გამომდინარე, თავისუფალ აგენტებს "მგლები" განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.
კამადა მეგობრობს რომაული კლუბის ახალწვეულთან, ევან ნ'დიკასთან. ეს წყვილი გასულ სეზონში ერთად იცავდა ფრანკფურტის "აინტრახტს", პირველ ივლისს კი ორივეს ამოეწურა კონტრაქტი "არწივებთან".
27 წლის იაპონელი ცენტრალური ნახევარმცველისა და ცენტრალური თავდამსხმელის უკან მოქმედი შემტევის როლებს ირგებს ხოლმე.
რაც შეეხება დაიჩის "მილანში" ტრანსფერის ჩაშლის მიზეზს, ეს "როსონერის" შემადგენლობაში არაევროკავშირელის ადგილის მოსალოდნელი შევსებაა. ლომბარდიელებს "ვილიარეალიდან" სამუ ჩუკვუეზე მოჰყავთ, რაც კამადას დამატებას შეუძლებელს ხდის.