• 04-03-2024
    "წაგების დრო არ არის" - ტუხელი "ლაციოსთან" მატჩის წინ
    "წაგების დრო არ არის" - ტუხელი "ლაციოსთან" მატჩის წინ
    Author of the article
    Aa

    მიუნხენის "ბაიერნი" ხვალ რომის "ლაციოს" საშინაო არენაზე მიიღებს და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლას ეცდება. საამისოდ გუნდს იმ ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუწევს, რომელიც იტალიის დედაქალაქში წაგებით გაიჩინა.

    მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა განაცხადა, რომ მის შეგირდებს დამარცხების უფლება არ აქვთ.

    "დრო "ლაციოს" მხარესაა. წაგების დრო არ გვაქვს. ვერ დავიცდით და აქცენტს ბურთის ფლობაზე ვერ გავაკეთებთ. ჩვენს განკარგულებაში მხოლოდ 90 წუთია. ვერ დავუცდით პირველ შეტევას და ვერ გადავიტანთ ბურთს ფლანგიდან ფლანგზე იმის მაგივრად, რომ პირველივე შანსს ჩავებღაუჭოთ.

    ცივი გონებით უნდა ვითამაშოთ, თუმცა უნდა ვითამაშოთ ისე, რომ გოლები გავიტანოთ.

    ტიტულები ტიტულებზე ლაპარაკს არ მოაქვს. შენი ძალა ყოველდღე უნდა დაამტკიცო. ერთიანობა დღეს კარგი ვარჯიშით, ხოლო ხვალ - კარგი თამაშით უნდა გამოვავლინოთ. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ხელს შეგვიშლის.

    ბოლო კვირებში ძალიან რთული იყო, რომ ჩემი საქმის პოზიტიური ნაწილი დამენახა. ყველაფერი ნორმალურად არ არის, თუმცა ეს ფეხბურთია, რომელიც ჩემი დიდი სიყვარულია," - თქვა 50 წლის სპეციალისტმა.

    შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს ტუხელის წასვლა უკვე გადაწყვეტილი ამბავია. მიუნხენელებს ბუნდესლიგაში საქმე ძალიან ცუდად მისდით, რადგან ლიდერ "ლევერკუზენს" უკვე 10 ქულით ჩამორჩებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონის უტიტულოდ დასრულების თავიდან არიდების გზა "რეკორდმაისტერისთვის" ჩემპიონთა ლიგაზე გადის.

    "ბაიერნისა" და "ლაციალეს" ჯახი ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.


    Facebook კომენტარები