• 13-03-2024
    "იუვენტუსმა" საკლუბო მუნდიალის საგზური გაინაღდა
    "იუვენტუსმა" საკლუბო მუნდიალის საგზური გაინაღდა
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. სერია ა-ს მოქმედმა ჩემპიონებმა "ბარსელონასთან" ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2:4 წააგეს.

    ნეაპოლელთა მარცხი ნიშნავს იმას, რომ FIFA-ს 2025 წლის საკლუბო მუნდიალზე მონაწილეობის უფლება ტურინის "იუვენტუსმა" მიიღო

    აღნიშნულ ტურნირზე ერთი ქვეყანა სულ 2 მონაწილით შეიძლება იყოს წარმოდგენილი (გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, როცა კონფედერაციის მთავარი საკლუბო ტურნირის 4 გათამაშებიდან 3-ს ერთი ქვეყნის სხვადასხვა წარმომადგენელი იგებს). მილანის "ინტერს" საგზური უკვე განაღდებული ჰქონდა, ამიტომ "იუვენტუსის" ერთადერთი კონკურენტი სწორედ "ნაპოლი" გახლდათ.

    ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში შორს გასვლა "პარტენოპეის" სარეიტინგო ქულებით "ბებერი ქალბატონისთვის" გადასწრების შანსს მისცემდა, თუმცა ეს შანსი წუხელ "ბლაუგრანამ" მოსპო.

    შეგახსენებთ, რომ 32-გუნდიანი ტურნირის სადებიუტო გათამაშება 2025 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება და მას აშშ უმასპინძლებს. უკვე ვიცით, რომ ევროპული გუნდებიდან იქ აუცილებლად ვიხილავთ "ჩელსის", "რეალს", "მანჩესტერ სიტის", მიუნხენის "ბაიერნს", "პარი სენ ჟერმენს", "პორტუს", ლისაბონის "ბენფიკასა" და დორტმუნდის "ბორუსიას".

    Facebook კომენტარები