• 04-12-2022
    საფრანგეთი 3:1 პოლონეთი - მბაპე შეუჩერებელია
    [/xfgiven_playerads]
    საფრანგეთი 3:1 პოლონეთი - მბაპე შეუჩერებელია
    Aa

    ოლივიე ჟირუ საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო "მამლებმა" მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში პოლონეთის ეროვნულ გუნდს ანგარიშით 3:1 მოუგეს.


    "მილანის" ცენტრფორვარდმა ეროვნული ნაკრების მაისურით თავისი 52-ე გოლი გაიტანა, რითაც ტიერი ანრის სარეკორდო შედეგი გააუმჯობესა.


    ჟირუს ეს ისტორიული დარტყმა პირველი ტაიმის მიწურულს ვიხილეთ. შეხვედრის 44-ე წუთზე ოლივიემ ბურთი კილიან მბაპესგან მიიღო და ვოიცეხ შჩესნის აუღებელი დაურტყა.


    მეორე ტაიმში უკვე მბაპეს ბენეფისის ჯერი დადგა. "პარი სენ ჟერმენის" მეგავარსკვლავმა გაკეთებულ საგოლე გადაცემას ორი გოლი დაუმატა. კილიანმა თავი 74-ე და 91-ე წუთებზე გამოიჩინა. სხვათა შორის, ახალგაზრდა ფრანგს მსოფლიო ჩემპიონატებზე 8 გოლი დაუგროვდა, რითაც მან პელეს რეკორდი გააუმჯობესა - 24 წლის ასაკის შესრულებამდე ფეხბურთის მეფეს მუნდიალებზე 7 გოლი ჰქონდა გატანილი, მბაპემ კი ამ შედეგს ერთი შედეგიანი დარტყმით აჯობა.


    პოლონეთის ნაკრებმა პრესტიჟის გოლი შეხვედრის მე-9 კომპენსირებულ წუთზე შეაგდო. რობერტ ლევანდოვსკის მიერ პირველ ჯერზე დარტყმული პენალტი უგო ლორისმა წესების დარღვევით მოიგერია ("ტოტენჰემის" კიპერს ხაზზე ფეხი არ ედგა), ამიტომ თერთმეტმეტრიანი თავიდან შესრულდა და "ბარსელონას" ცხრიანმაც ტურნირზე თავისთვის მეორე ბურთი შეაგდო.


    საბოლოო ჯამში, საფრანგეთის ნაკრებმა პოლონეთის ბარიერი საკმაოდ დამაჯერებლად გაიარა. მეოთხედფინალში დიდიე დეშამის შეგირდები ინგლისისა და სენეგალის ნაკრებებს შორის უმჯობესს დაუპირისპირდებიან. "სამი ლომისა" და "ტერანგას ლომების" ჯახი დღეს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


    დოჰა. "ტუმამა". 40 989 მაყურებელი


    საფრანგეთი 3:1 პოლონეთი 


    გოლები: 1:0 ჟირუ (44), 2:0 მბაპე (74), 3:0 მბაპე (90+1), 3:1 ლევანდოვსკი (90+9, პენ)


    საფრანგეთი: ლორისი; კუნდე (დისასი 90), ვარანი, უპამეკანო, ტ. ერნანდესი; ჩუამენი (ფოფანა 66), რაბიო; დემბელე (კომანი 76), გრიზმანი, მბაპე; ჟირუ (ტურამი 76)


    პოლონეთი: შჩესნი; კეში, გლიკი, კივიორი (ბედნარეკი 87), ბერეშჩინსკი; კრიხოვიაკი (ბიელიკი 71); კამინსკი (ჟალევსკი 71), ჟელინსკი, შჩიმანსკი (მილიკი 64), ფრანკოვსკი (გროსიჩკი 87); ლევანდოვსკი

    Facebook კომენტარები