• 30-06-2023
    საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ისრაელთან მატჩისთვის
    საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ისრაელთან მატჩისთვის
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ხვალ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩს ჩაატარებს და ბორის პაიჭაძის სახელობის არენაზე ისრაელს მიიღებს.

    ბუნებრივია, ის, რაც "ჯვაროსანთა" გულშემატკივრებს ახლა ყველაზე მეტად აინტერესებთ, გუნდის სასტარტო შემადგენლობაა. 

    საქართველოს ნაკრების ხვალინდელი თერთმეტეულის ჩვენეული ვერსია შემდეგნაირად გამოიყურება:

    გიორგი მამარდაშვილი - საბა საზანოვი, ივა გელაშვილი, ალექსანდრე კალანდაძე - გიორგი გოჩოლეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ლუკა გაგნიძე, ირაკლი აზაროვი - გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი - გიორგი გაგუა

    რაც შეეხება სათამაშო სქემას, რამაზ სვანაძისგან 3-4-2-1 ტაქტიკის შეცვლას არ ველოდებით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელთან მატჩი შეიძლება პირველი იყოს მიმდინარე ჩემპიონატზე, რომელშიც საქართველოს ნაკრებს მეორე ნომრად თამაში აღარ მოუწიოს. 

    სწორედ იმას, რომ ქართველებს ბურთის ფლობის მეტი საჭიროება გაუჩნდებათ, ვუკავშირებთ სასტარტო შემადგენლობაში ლუკა გაგნიძის დაბრუნებასაც. მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველის კრეატიულობა ისრაელის ნაკრების მწყობრი დაცვის გასარღვევად განსაკუთრებული იარაღი უნდა იყოს. გარდა ამისა, საყრდენ ნოდარ ლომინაძისგან განსხვავებით, ლუკას ამ ტურნირზე ყვითელი ბარათი არ მიუღია და დამატებითი წნეხით თამაში არ მოუწევს.

    მნიშვნელოვანია თბილისის "დინამოს" ნახევარმცველის, გიორგი მოისწრაფიშვილის საკითხიც. დღევანდელ პრესკონფერენციაზე სვანაძეს სწორედ მოისწრაფიშვილი ახლდა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ ეს არაფერს ნიშნავს. სასტარტო შემადგენლობის შესახებ "ჯვაროსანთა" მესაჭემ ასეთი რამ თქვა:

    "გიორგი მოისწრაფიშვილი აქ ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ აუცილებლად ძირითადში იქნება, ისევე, როგორც არ ნიშნავდა წინა შემთხვევებში იმ ფეხბურთელებზე, ვინც პრესკონფერენციაზე იყო. შემადგენლობას ვარჩევთ მეტოქიდან გამომდინარე და როგორ მდგომარეობაში არიან ფეხბურთელები, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. სასტარტო შემადგენლობას ხვალ გაიგებთ. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი კონკრეტული როლი და ბედნიერი ვარ, რომ ყველას გათავისებული აქვს მთავარი - საქართველოს ნაკრების წარმატება“.

    ასეა თუ ისე, ყველა კითხვაზე პასუხი ხვალ, დაახლოებით 19 საათისთვის გვექნება. უშუალოდ მატჩი კი სტარტს 20 საათზე აიღებს.

    Facebook კომენტარები