• 10-02-2024
    მედისონი: "ეს ემოციები ბოთლში რომ ჩადო და გაყიდო, მილიონებს იშოვი"
    მედისონი: "ეს ემოციები ბოთლში რომ ჩადო და გაყიდო, მილიონებს იშოვი"
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "ტოტენჰემმა" პრემიერ ლიგაში ისევ ბოლო წუთზე მოიგო და ეს ამ სეზონში პირველად არ ხდება. "დეზები" "ბრაიტონთან" პასკალ გროსის მიერ გატანილი პენალტის წყალობით აგებდნენ, თუმცა ჯერ პაპე მატარ სარმა გაათანაბრა ანგარიში, საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე კი ბრენან ჯონსონმა გამოიჩინა თავი.

    ენჟ პოსტეკოგლუს გუნდს პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კომპენსირებულ დროში გატანილი გოლებით "შეფილდი" და "ლივერპული" ჰყავს დამარცხებული, "მანჩესტერ სიტისთან" კი ქულა აქვს აღებული.

    ლონდონელები თავიანთ გულშემატკივრებს რომ მატჩების ემოციურ დასასრულს ჩუქნიან ხოლმე, ამაზე მათმა ინგლისელმა ვარსკვლავმა, ჯეიმს მედისონმა ისაუბრა.

    "სიმართლე გითხრათ, ცოტა ამოვისუნთქე. ბოლო წუთზე გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნო შეგრძნებაა და ფანები ჭკუიდან გადაყავს. ამ ემოციების ბოთლში ჩადება და გაყიდვა რომ შეიძლებოდეს, მილიონებს იშოვიდი. სწორედ ამიტომაა იგი ასეთი იშვიათი.

    საკუთარ კედლებში ასე უკვე რამდენჯერმე მოვიგეთ. ბრენან ჯონსონს აპლოდისმენტები გამარჯვების მომტანი გოლის გამო," - თქვა მედისონმა.

    "ტოტენჰემს" 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს გუნდი 17 თებერვალს, "ვულვზის" წინააღმდეგ ჩაატარებს. "დეზებისა" და "მგლების" ჯახი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები