• 04-04-2024
    ზინჩენკო: "მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან საბრძოლველად მზად ვართ"
    ზინჩენკო: "მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან საბრძოლველად მზად ვართ"
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალმა" პრემიერ ლიგაში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. "მეთოფეებმა" "ლუთონ თაუნს" უმასპინძლეს და მიუხედავად იმისა, რომ გვარიანად გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობდნენ, მეტოქეს მაინც უშანსოდ, 2:0 მოუგეს.

    მასპინძელთა გამარჯვებას 24-ე წუთზე მარტინ ოდეგორის მიერ გატანილმა გოლმა დაუდო სათავე, აქედან 20 წუთში კი დაიკი ჰაშიოკამ მიითვალა ავტოგოლი. მეორე ტაიმში საინტერესო აღარაფერი მომხდარა.

    "ემირეიტსზე" მოგებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს "არსენალის" უკრაინელი უნივერსალი, ოლექსანდრ ზინჩენკო გამოეხმაურა.

    "არის თუ არა "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულისთვის" წართმეული ქულები ჩვენი ამბიციების დასტური? დიახ, აბსოლუტურად. არ მოგატყუებთ. ეს აჩვენებს, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან საბრძოლველად მზად ვართ.

    არ არის ადვილი ითამაშო სტუმრად "ლივერპულისა" და "სიტის" წინააღმდეგ. იმავეს ვიტყოდი სხვა გუნდებზეც, რადგან არ მინდა ვინმესადმი უპატივცემულობა გამოვხატო. ეს აჩვენებს, რომ "არსენალი" ბრძოლისთვის მზადაა.

    ვიცით, რომ ამ სეზონში რაღაც დიდის მიღწევა გვინდა," - თქვა ზინჩენკომ.

    გუშინდელი გამარჯვებით "არსენალმა" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა თუ დღეს "ლივერპული" "შეფილდ იუნაიტედს" მოუგებს, მიკელ არტეტას შეგირდები კვლავ მეორე პოზიციაზე დაბრუნდებიან.

    Facebook კომენტარები