• 18-04-2024
    BILD-მა "არსენალის" 4 ფეხბურთელი მიწასთან გაასწორა
    BILD-მა "არსენალის" 4 ფეხბურთელი მიწასთან გაასწორა
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალისთვის" მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ გადაულახავ ბარიერად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მეოთხედფინალურ დუელს ფავორიტის რანგში სწორედ "მეთოფეები" შეხვდნენ, შემდეგ ეტაპზე გასვლა მაინც ბავარიულმა კლუბმა მოახერხა.

    "ემირეიტსზე" ნათამაშები ყაიმის შემდეგ (2:2) ყველაფერი "ალიანც არენაზე" გადაწყდა, სადაც შეხვედრის ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე გავიდა. მისი შემოქმედი იოზუა კიმიხია, რომელმაც თავური დარტყმით აიღო დავიდ რაიას კარი.

    აღსანიშნავია მიკელ არტეტას შეგირდების უგერგილო თამაში. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის გადასარჩენად "არსენალს" საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, მათ მანუელ ნოიერის კართან რეალური ხიფათიც კი არ შეუქმნიათ. 

    ინგლისელთა ცუდი თამაში მათ შეფასებებსაც დაეტყო. გერმანულმა BILD-მა "არსენალის" 4 ფეხბურთელს მიანიჭა 5 ქულიანი შეფასება (ყველაზე მაღალი შეფასება 1 ქულაა, ყველაზე დაბალი კი - 6). ეს ოთხეული შემდეგნაირად გამოიყურება: ბუკაიო საკა, ვილიამ სალიბა, ბენ უაითი და ჟორჟინიო. საინტერესოა, რომ არტეტამ მხოლოდ ეს უკანასკნელი შეცვალა, დანარჩენები კი ბოლო წამამდე მინდორზე იდგნენ.

    განსაკუთრებით ცუდი თამაში ჰქონდა "არსენალის" მთავარ ვარსკვლავს, ბუკაიო საკას. 23 წლის ინგლისელმა თავი ყველაზე ცუდად მატჩის მიწურულს დაგვამახსოვრა, როცა ჯერ სახიფათო წერტილში დანიშნული ჯარიმა სწრაფად და უაზროდ გაათამაშა, შემდეგ კი გუნდის უკანასკნელი შანსი გაატანა ქარს - კატასტროფულად ჩამოაწოდა რა კუთხური. ამ საშინელ ჩაწოდებას უმალ მსაჯის სასტვენიც მოჰყვა.

    ასეა თუ ისე, ჩემპიონთა ლიგა "არსენალისთვის" კვლავ მიუღწეველ ტიტულად დარჩება. არტეტას შეგირდები ახლა მთელ ძალებს პრემიერ ლიგისკენ მიმართავენ, სადაც პირველადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 2 ქულით ჩამორჩებიან, 20 აპრილს კი "ვულვზთან" ელით მატჩი.

    Facebook კომენტარები