• 15-10-2023
    გიორგი ქოჩორაშვილი: “ესპანეთის ლიგიდან ძალიან რთული გზა გავიარე, რაც მომავალში დამეხმარა”
    გიორგი ქოჩორაშვილი: “ესპანეთის ლიგიდან ძალიან რთული გზა გავიარე, რაც მომავალში დამეხმარა”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში კვიპროსს დაუპირისპირდება.

    შეხვედრის წინ ნაკრების ახალწვეულმა, გიორგი ქოჩორაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ისაიბრა:

    “ესპანეთის მესამე ლიგიდან ძალიან რთული გზა გავიარე და სწორედ ეს გზა დამეხმარა ისეთ ადამიანად და ფეხბურთელად ჩამოვყალიბებულიყავი, როგორიც ახლა ვარ. ძალიან დიდი მუხტია ჩემთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში. გავლილი მაქვს 19-წლამდე და 21 წლამდე ნაკრებები და ჩემთვის დიდი მოტივაციაა ეროვნულ გუნდში ყოფნა, რათა შრომა გავაგრძელო და კიდევ უფრო მაღალ დონეს მივაღწიო. ნაკრებში თამაში პასუხისმგებლობაა და გულშემატკივრის მხარდაჭერა, გუნდში არსებული ატმოსფერო მეხმარება ადვილად გავიარო ეს გზა. 

    გუნდში ადაპტაცია არ გამჭირვებია, რადგან ბევრ თანაგუნდელთან ერთად ბავშვობიდან მომიწია თამაში. ძალიან ადვილია მათთან ურთიერთობა, როგორც სტადიონზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. როდესაც საქართველოს ნაკრების მაისური გაცვია, შესაძლოა, ყოველთვის იყოს მცირე მღელვარება თამაშის წინ, რადგან შენი ოჯახის წევრები და მთელი ქვეყანა გიყურებს. გსურს, რომ თამაში მაღალ დონეზე ჩაატარო. თუმცა, გვაქვს პროფესიონალიზმი, რათა ამ მღელვარებას გავუმკლავდეთ და ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ".

    ცნობისთვის, საქართველოსა და კვიპროსუს შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე შედგება.

    Facebook კომენტარები