

"ვალენსიას" ქართველ გოლკიპერს, გიორგი მამარდაშვილს გუშინ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჰქონდა.
21 წლის მეკარემ მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ურთულესი დარტყმები მოიგერია (2-ჯერ ვინისიუსს აუღო, ერთხელ კი ტონი კროოსის გასროლა უკუაგდო) და იმაში, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალისტის გასარკვევად პენალტების სერია გახდა საჭირო, ლომის წვლილი შეიტანა.
სამწუხაროდ, თერთმეტმეტრიანების სერიაში მამარდა უძლური გახლდათ. "თეთრებმა" პენალტები უზადოდ შეასრულეს, ვალენსიელებმა კი 2 დარტყმა გააფუჭეს. 4:3 და "სამეფო კლუბი" ესპანეთის სუპერთასის ფინალშია.
მიუხედავად მარცხისა, გიორგი გუშინდელი დაპირისპირების ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მაინც მოინათლა. ამაზე გულშემატკივრების მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტებიც მეტყველებს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
"უპირველეს ყოვლისა, მამარდაშვილი! მან 3-4-ჯერ გადაგვარჩინა. პენალტებიც რომ აეღო... მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იქნებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან იღბლიანები ვართ, რომ ის ჩვენი ფეხბურთელია."
"სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მამარდაშვილმა აშკარა გოლებისგან გვიხსნა."
"მადლობა, მამარდაშვილო. შენ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ხარ. არ მისცე უფლება ამ ჭკუასუსტებს, რომ თავიანთი სულელური კომენტარებით შენზე იმოქმედონ."
"რა საოცარი მატჩი "ვალენსიასგან". ეს ბიჭი მთელი სეზონია ამ დონეზე თამაშობს. სხვათა შორის, მისი გვარია მამარდაშვილი."
"მამარდაშვილი 20 წლისაა და ერთ დღეს მსოფლიოს საუკეთესო კიპერი გახდება, თუ პენალტებში ხაუმეს მენტალიტეტს შეიძენს. იმედია ხვდებით, რასაც ვგულისხმობ."
აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის სუპერთასის მეორე ფინალისტი დღეს, "რეალ ბეტისსა" და "ბარსელონას" შორის გაირკვევა. ფინალი 15 იანვარსაა ჩანიშნული.