"ბარსელონამ" სექტემბერში დანი ოლმოს ლა ლიგაში დარეგისტრირება ანდრეას კრისტენსენის ტრავმის ხარჯზე მოახერხა, თუმცა დანიელი მცველი იანვარში უნდა დაბრუნდეს, ესპანელი ნახევარმცველის რეგისტრაცია კი ხელახლა ხდება საჭირო.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბლაუგრანამ" შეიძლება კრისტენსენი საერთოდ გაყიდოს, რათა ოლმოს დასარეგისტრირებლად ფინანსურ ფეარ პლეიში საჭირო სივრცე გააჩინოს.
29 წლის უკანახაზელის მსურველად "ნიუკასლ იუნაიტედი" სახელდება. "ჯორდებს" ანდრეასს აქამდეც უკავშირებდნენ, სვენ ბოტმანის ტრავმა კი მათ დაცვის ცენტრის გაძლიერების აუცილებლობას კიდევ უფრო უზრდის.
"ბარსა" "კაჭკაჭებთან" მოლაპარაკებებისთვის მზადაა, საბოლოო სიტყვა კი გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ჰანსი ფლიკზე იქნება.
აქვე გეტყვით, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" დანის დარეგისტრირებისთვის სხვა გზებსაც ეძებენ. მაგალითად, კლუბი "სპოტიფაი კამპ ნოუს" VIP ადგილებზე უფლებების 200 მილიონ ევროდ გაყიდვასაც განიხილავს.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში "ბარსელონას" ახალწვეულმა 6 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.