"ბარსელონამ" ნიკო გონსალესის "პორტუდან" "ლივერპულში" ტრანსფერიდან შეიძლება სოლიდური თანხა მიიღოს, - იუწყება Mundo Deportivo.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ "წითლები" სერიოზულად ფიქრობენ ესპანელი ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხის, 60 მილიონი ევროს გადახდას, ხოლო "დრაკონებსა" და "ბლაუგრანას" შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, ამ თანხის 40% კატალონიელთა ბიუჯეტში უნდა წავიდეს.
მაშასადამე, თუ ყველაფერი ამ სცენარით წარიმართა, "ბარსა" 24 მილიონ ევროს გამოიმუშავებს იმ ფეხბურთელის ტრანსფერით, რომელმაც მის რიგებში ბოლოს 2 წლის წინ ითამაშა.
ნახევარდაცვის გაძლიერებისთვის "ლივერპულის" მთავარ სამიზნედ "რეალ სოსიედადის" ვარსკვლავი, მარტინ ზუბიმენდი განიხილებოდა, თუმცა კლუბმა ბასკის გადაბირება ვერ შეძლო. მათი მთელი ყურადღება ახლა ნიკოსკენაა მიმართული, რასაც "ლურჯ-ბროწეულისფრებიც" გულშემატკივრობენ.
"პორტუში" გონსალესი "ბარსელონამ" 2023 წლის ზაფხულში, 8.44 მილიონ ევროდ გაყიდა.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში 22 წლის ესპანელმა 5 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.